20 ნოემბერი 2024,   00:34
ვრცლად
არცერთი ორგანიზატორი და წამქეზებელი პირი - რამდენი ადამიანია დაკავებული მედიის წარმომადგენლებზე ძალადობიდან მე-12 დღეს

5 ივლისის ძალადობის საქმეზე კიდევ ორ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს. ვანო ბურდული "TV პირველის" ოპერატორზე ძალადობას არ აღიარებს. თავს სრულად უდანაშაულოდ მიიჩნევს შეუწყნარებლობის მოტივით, მოქალაქეზე თავდასხმის ბრალდებაში დავით ქოჩიაშვილიც. როგორც გაირკვა, 5 ივლისს ბურდული თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო აქციას დუშეთიდან შეუერთდა, ქოჩიაშვილი კი, ზესტაფონიდან, თუმცა როგორც თავად ამბობენ, მათ მხოლოდ სოლიდარობა გამოხატეს ჰომოფობიური შეკრების მიმართ.

ბრალდებულების ადვოკატები სხდომის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ საქმეში პროკურატურას არ აქვს საკმარისი მტკიცებულებები. ვიდეომასალებით კი, დაკავებული პირების მხრიდან ვინმეზე ძალადობა არ დასტურდება. პატიმრობის გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციო წესით ასაჩივრებს. საპირისპიროს პოზიცია აქვს საქმის პროკურორს.

ბურდულის და ქოჩიაშვილის ჩათვლით, 5 ივლისის საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 24 პირი, მათ შორის 19 მედიაზე ძალადობაში ბრალდებული. დღემდე დაკავებულებს შორის არ არიან ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები და ძალადობის წამქეზებლები. ვინც მათ შორის მოიაზრება, ჯერ მხოლოდ გამოკითხეს. "კურიერის" შეკითხვაზე საპასუხოდ პროკურორმა მხოლოდ ის თქვა, რომ ორგანიზატორების მიმართ ძიება აქტიურად გრძელდება.

5-6 ივლისის ძალადობრივ მოვლენებზე დღეს მედიის კიდევ ერთ წარმომადგენელს ინტერპრესნიუსის ფოტოგრაფს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. გიორგი ნიკოლიშვილი მიღებული დაზიანებებით, 12 დღეა კლინიკაში მკურნალობს. დაზარალებულად მიმდინარე გამოძიებამ ამ დრომდე 42 მოქალაქე სცნო, მათ შორის 36 ჟურნალისტია. თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე 53 ჟურნალისტი დაშავდა.

 

ავტორი: ხათუნა გაგნიძე

 

დღის ამბები