ქვეყანა მასობრივი ვაქცინაციის ახალ ეტაპზე გადადის. ხვალიდან საქართველოში ნახევარი მილიონი დოზა Pfizer ჩამოდის, პარალელურად იცვლება რეგისტრაციის წესი. მოქალაქეები დასტურს 24 საათის განმავლობაში მიიღებენ.
იმისთვის, რომ ვებ-გვერდმა გამართულად ხარვეზების გარეშე იმუშაოს რამდენიმე უწყებამ ტექნიკური სამუშაოები ჩაატარა. მუშაობას იწყებს განახლებული ვებ-გვერდი. პარალელურად გაფართოვდა ვაქცინაციის პროგრამით მოსარგებლეთა სია.
მედიკოსები საზოგადოებას ვაქცინაციის პროცესში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ სწორედ ვაქცინაა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი იარაღი.
"ექიმების მოწოდება იქნება, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავაძლიეროთ ეს პროცესი, უფრო ეფექტური გავხადოთ და უფრო სწრაფად მოვახდინოთ ჩვენი მოსახლეობის ვაქცინაცია რათა არ დაგვჭირდეს უკიდურესი ზომები,"- აცხადებს კლინიკა "ნეოლაბის" დირექტორი გიორგი კამკამიძე.
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის წევრი, პედიატრი თემურ მიქელაძე ამბობს, რომ ვაქცინები მკაცრად არის შესწავლილი და სიცრუეა განცხადებები იმის შესახებ, რომ მათით რაიმე ექსპერიმენტი ტარდება.
"არასოდეს ექსპერიმენტი ვაქცინით არ კეთდება ეს არის მკაცრად შესწავლილი ვაქცინები და მათ არანაირი ისეთი უკუჩვენებები და გვერდითი ეფექტები არ აქვთ და ყოველთვის სარგებელი ათი ათასობით ჭარბობს რისკს," - აცხადებს თემურ მიქელაძე.