16 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
გთხოვთ, აიცერით! მოხარული ვარ, რომ შევძელით ეს სიცოცხლის გადამრჩენი ვაქცინა გადმოგცეთ - კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი გასულ ღამით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ამერიკიდან Pfizer-ის 500 000 დოზის საქართველოში ჩამოტანასთან დაკავშირებით იმყოფებოდა.

ელჩმა აღნიშნა, რომ მოხარულია იმით, რომ აშშ-ს მთავრობა საქართველოს სიცოცხლის გადამრჩენელ ვაქცინას აძლევს.

"მოხარული ვარ, რომ შევძელით ეს სიცოცხლის გადამრჩენი ვაქცინა გადმოგცეთ, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ნაწილი. აშშ პანდემიის დაწყებისთანავე მხარს უჭერდა ქართველების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის ძალისხმევას. ახლა კი ჩვენ შეგვიძლია მოგამარაგოთ იმ ერთადერთი რამით, რასაც ნამდვილად შეუძლია შეებრძოლოს ამ გლობალურ პანდემიას და ეს არის უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა. Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ეს 500 000 დოზა დაემატება იმ დაახლოებით 9 მილიონ აშშ დოლარს, რომელიც აშშ-მა გაიღო საქართველოს დასახმარებლად პანდემიის განმავლობაში, მათ შორის ახლახანს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს გადაეცა დაბალი ტემპერატურის 3 მაცივარი, 26 000 PCR ტესტი და ჟანგბადის წარმომქმნელი მოწყობილობები, რათა ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში 300 კოვიდსაწოლი აღჭურვილი იყოს უსაფრთხო, მაღალი ხარისხის ჟანგბადით,"-განაცხადა კელი დეგნანმა.

ელჩმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს და სამინისტროს თანამშრომლებს გაწეული ძალისხმევისთვის და საქართველოს მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

"მსურს პირადად გადავუხადო მადლობა მინისტრ ტიკარაძეს და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს მათი დაუღალავი და შესანიშნავი კოორდინაციისთვის, რათა ეს ვაქცინები რაც შეიძლება სწრაფად მივიდეს ქართველ ხალხამდე. მე საქართველოში ყველას მოვუწოდებ, ვისაც ვაქცინაციის საშუალება აქვს, გთხოვთ, წადით და აიცერით, რაც შეიძლება სწრაფად. ეს საუკეთესო გზაა თქვენი თავის და საყვარელი ადამიანების დასაცავად და ეს ნამდვილად ერთადერთი გზაა ჩვენი ეკონომიკების გახსნისთვის. მე უკვე მივიღე Pfizer-ის ორი დოზა, ასევე თითქმის ყველამ აშშ-ის საელჩოში და თქვენც, ყველას მოგიწოდებთ, გთხოვთ, აიცრათ,"- აღნიშნა ელჩმა.

დღის ამბები