Pfizer-ის ნახევარი მილიონი დოზა ვაქცინა თითქმის სრულად დაიჯავშნა. მოქალაქეებისთვის რეგისტრაციის ფანჯარა დილიდან გაიხსნა. 240 ათასამდე მსურველმა რეგისტრაცია ზუსტად რამდენიმე საათში გაიარა.
ამერიკის შეერთებული შტატების საჩუქარი, რომელიც საქართველოში დილით ჩამოვიდა, კლინიკებში უკვე გადაანაწილეს. ჯერჯერობით, პროცესში 37 სამედიცინო დაწესებულებაა ჩართული, თუმცა, სავარაუდოდ მათი რაოდენობა გაიზრდება. Pfizer-ით აცრები ორშაბათიდან იწყება.
Pfizer-ზე განახლებულმა რეგისტრაციამ აჩვენა, რომ ამ ვაქცინაზე განსაკუთრებული მოთხოვნაა ქვეყანაში. პირველივე საათებში უკვე ათასობით ჯავშანი გაკეთდა. Pfizer-ით აცრა 16 წლიდან არის შესაძლებელი, თუმცა არასრულწლოვნებს მშობლის ან მეურვის თანხმობა დასჭირდებათ.
ვიზიტის დაჯავშნა ელექტრონულ პორტალზე ხდება, წინასწარი ჯავშნების შესახებ საბოლოო დასტურს კი მოქალაქეები 24 საათის განმავლობაში, მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიიღებენ. პარალელურად მოქალაქეებს, რომლებიც ვაქცინაციისთვის ვებგვერდისა და ცხელი ხაზის მეშვეობით ვერ დარეგისტრირდებიან, მომავალი კვირის ბოლოდან შესაძლებლობა ექნებათ ვაქცინაციის ცენტრში მივიდნენ და აიცრან.