თითქმის 196 მილიონი ინფიცირებული და 4 მილიონზე მეტი გარდაცვლილი - ასეთია მსოფლიოში ინფიცირების გავრცელების ბოლო მონაცემები. მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო 24 საათში ვირუსი 36 ათასამდე ადამიანს დაუდასტურდა. ვაქცინაციის მიუხედავად ქვეყანაში ბოლო კვირების განმავლობაში შემთხვევები მზარდია.
აშშ ახალი რეგულაციების შემოღებას ჯერ-ჯერობით არ გეგმავს, თუმცა მოლოდინი იმის შესახებ, რომ ამერიკაში მოგზაურობის მსურველებისთვის შეზღუდვები მოიხსნებოდა, სავარაუდოდ ისევ დიდი ხნის განმავლობაში მოლოდინად დარჩება. თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენი ფსაკმა ამის შესახებ ბრიფინგზე ისაუბრა და განმარტა, რომ 2020 წლიდან დაწესებული შეზღუდვები, რომლებიც მსოფლიოს საკმაოდ დიდ ნაწილს ამერიკაში შემოსვლის უფლებას არ აძლევდა, კვლავ ძალაში რჩება. ეს იქიდან გამომდინარე, რომ დელტა შტამის გავრცელების ტემპები შემაშფოთებელ სახეს იღებს. ბოლო კვირების განმავლობაში ინფექციის შემთხვევები ზოგიერთ შტატში გაორმაგდა ზოგან კი, მაგალითად ფლორიდასა და არკანსასში- გასამმაგდა. ჯანდაცვის ექსპერტები ერთხმად აცხადებენ, რომ ჰოსპიტალიზირებულ და გარდაცვლილი ადამიანების 99 % აუცრელი მოქალაქეა.
"იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც დელტა ვარიანტის გავრცელების გამო არსებობს, სამოგზაურო შეზღუდვებს ძალაში ვტოვებთ. ვირუსის ახალი ვარიანტის შემთხვევები ბოლო რამდენიმე კვირაა, იზრდება, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომლებსაც ვაქცინა გაკეთებული არ აქვთ. ჩვენ ვურჩევთ მოქალაქეებს რომ მოგზაურობისგან თავი შეიკავონ,"- აცხადებს თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენ ფსაკი.
დელტა შტამი დომინანტურია ევროპაშიც. მას შემდეგ, რაც მალტამ საზღვრები გაუხსნა ვაქცინირებულ, თუ არავაქცინირებულ მოგზაურებს, საგრძნობლად გაიზარდა ინფიცირების მაჩვენებელი. შედეგად ქვეყნის პრემიერ მინისტრის მოადგილემ ახალი შეზღუდვები შემოიღო. ქვეყანაში შემოვლენ მხოლოდ ევროკავშირის მიერ აღიარებული სერტიფიკატის მქონე პირები, სხვა შემთხვევაში ყველა მოგზაურს 14 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს.
სამოგზაურო შეზღუდვები დააწესა გერმანიამაც, სადაც ესპანეთიდან, ნიდერლანდებიდან და საქართველოდან ჩასულ პირებს მკაცრ შეზღუდვებს დაუწესებენ. ჩამოთვლილი ქვეყნებიდან ჩამოსული ადამიანი ვალდებულია ვირუსის უარყოფითი ტესტის პასუხი ან აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოადგინოს და გერმანიაში ჩასვლისთანავე ათი დღე თვით იზოლაციაში გადავიდეს.
პროტესტის მიუხედავად, საფრანგეთიც ქვეყნის მოქალაქეებისთვის კოვიდსერტიფიკატებს სავალდებულოდ ხდის. იგივე წესი მოქმედებს საფრანგეთში მოგზაურობის მსურველ უცხოელ ტურისტებზე. ზრდასრულების გარდა, "საშვი" ასევე მოეთხოვება 12-დან 17 წლამდე ასაკის პირებსაც.
"რა ღირს თქვენი თავისუფლება, როცა ამბობთ, რომ არ გსურთ ვაქცინა. ამ დროს ხვალ დააინფიცირებთ თქვენს მამას, დედას ან საკუთარ თავს. ამ შემთხვევაში მე ვარ თქვენი თავისუფლების მსხვერპლი, როდესაც თქვენ შესაძლებლობა გქონდათ დაგეცვათ საკუთარი თავი და მე," - აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
ვირუსოლოგთა და ეპიდემიოლოგთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის "დელტა" ვარიანტი ყველაზე სწრაფად გავრცელებადი და რთულად გადასალახი შტამია . B.1.617.2 კვლავ მეცნირების შესწავლის საგნად რჩება, სწორედ ამიტომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დომინანტ შტამთან გასამკლავებელ ერთადერთ საშუალებად სრულ ვაქცინაციას მოიაზრებს.