საგანგაშო სტატისტიკა და პანდემიის ანტირეკორდი - კორონავირუსის დადასტურებიდან დღემდე, ქვეყანაში ინფიცირების ყველაზე მაღალი ნიშნულია -5 697 ახალი შემთხვევა.
რეკორდულია გარდაცვლილთა რიცხვიც - მხოლოდ ერთ დღეში ინფექციას კიდევ 54 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. კლინიკებში ვითარება დღითი დღე რთულდება - დელტა შტამის სწრაფი გავრცელება დაეტყო პედიატრიულ განყოფილებებსაც. ყოველდღიურად ინფიცირებულთა 10% ბავშვია, მათგან ნახევარი საავადმყოფოში ხვდება.
ვირუსის მეოთხე ტალღა საქართველოში მძიმედ მიმდინარეობს. სირთულეები ქვეყანას, როგორც სხვა სახელმწიფოებს დელტა შტამმა შეუქმნა. ბრიტანულ ვარიანტთან შედარებით ინდოეთიდან გავრცელებული ვირუსის ფორმამ სიკვდილიანობის მაჩვენებელი 137 %-ით გაზარდა, კლინიკებში პაციენტების რაოდენობა 85%-ით, გავრცელების მასშტაბები კი 97%-ით არის მომატებული.
ქვეყანა არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობს მიღებულ პრევენციულ ზომებს და ვაქცინაციას უპირისპირებს. საქართველო იმუნიზაციის გეგმის ინდიკატორს უკვე მიუახლოვდა - ბოლო 24 საათში 24 000- მდე ადამიანი აიცრა. სპეციალისტებს საზოგადოების მაღალი პასუხიმგებლობის იმედი აქვთ, რომ დღის განმავლობაში 30 ათასი ადამიანი აიცრება და ვირუსი უკან დახევას დაიწყებს.