17 მაისი 2024,   09:48
ვრცლად
გოგონებს აიძულებენ, თალიბანის მებრძოლებზე დაქორწინდნენ - ავღანეთი დიდ ქალაქებს უბრძოლველად თმობს

თალიბანი ავღანეთის დედაქალაქზე, სავარაუდოდ, სულ მალე სრულ კონტროლს აიღებს, BBC-ს ინფორმაციით, ქაბული ერთადერთი დიდი ქალაქია, რომელსაც ხელისუფლება აკონტროლებს. თალიბანმა ბრძოლის გარეშე აიღო ქვეყნის დასავლეთით მდებარე უმნიშვნელოვანესი ქალაქი ჯალალაბადი. 

სამთავრობო ძალების ჩამოშლამ კიდევ უფრო გაზარდა ზეწოლა აშრაფ ღანიზე, დატოვოს პრეზიდენტის თანამდებობა. ახლა ქვეყანა მძიმე არჩევანის წინაშეა - იბრძოლოს ქაბულის შესანარჩუნებლად, თუ უბრძლოველად დათმოს. 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ავღანეთის დედაქალაქში მდებარე საელჩოდან თანამშრომლების ევაკუაცია დაიწყო. კვირას დილით დიპკორპუსის წარმომადგენლები აეროპორტში გადაიყვანეს, სადაც ექვს სამხედრო სამგზავრო თვითმფრინავში გადაანაწილეს.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საკუთარი გადაწყვეტილება, გამოეყვანა ჯარი ავღანეთიდან, იმ არგუმენტით ახსნა, რომ არ სურს "აშშ მუდმივად მონაწილეობდეს რომელიმე ქვეყნის სამოქალაქო კონფლიქტში". 

რა მოხდა ჯალალაბადში

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თალიბანმა ნანღარარის პროვინციის დედაქალაქი უბრძოლველად აიღო. 

"ჯალალაბადში შეტაკებები არ ყოფილა, რადგან გუბერნატორი დანებდა თალიბანს," - განაცხადა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა "როიტერსთან".

მისივე თქმით, ქალაქის დათმობა ერთადერთი გზა იყო, რომ მოსახლეობის სიცოცხლე გადაერჩინათ. ჯალალაბადის ხელში ჩაგდება თალიბანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ისინი ახლა აკონტროლებენ გზებს, რომელიც ქვეყანას პაკისტანთან აკავშირებს.  

რა ხდება ახლა ქაბულში

ასობით ათასი ადამიანმა ავღანეთის თალიბანის მიერ კონტროლირებადი რეგიონებიდან ქაბულს შეაფარა თავი. ისინი ამბობენ, რომ დასაქორწინებელ ქალებს და ახალგაზრდა გოგონებს თალიბანის მეომრებზე დაქორწინებას აიძულებდნენ. 

35 წლის მუჟდა, რომელიც პარვანიდან ქაბულში ორ დასთან ერთად გაიქცა, ამბობს, რომ თავს მოიკლავს, თუ მას დაქორწინებას აიძულებენ. 

"მთელი დღე და ღამე ვტირი..." - განაცხადა მუჟდამ "ფრანს პრესთან". 

ქალები ჰყვებიან, რომ აიძულებენ ბურკა ჩაიცვან - გრძელი სამოსი, რომელიც მათ სახეს და სხეულს მთლიანად ფარავს. წესების დარღვევის შემთხვევაში კი მოსახლეობას შეიარაღებული პირები დაუნდობლად სცემენ. 

"ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ქაბულში კვლავ ომი დაიწყოს. ხალხი აქ 40 წელია უკვე, გლოვაში ცხოვრობს... ქუჩები, სადაც ჩვენ დავდივართ, ადამიანების ძვლებზეა დაგებული," - ამბობს ქაბულელი 53 წლის საედ აკბარი. 

დედაქალაქის მოსახლეობა ბანკებთან გრძელ რიგებში დგას, რომ საკუთარი დანაზოგები გამოიტანონ, თუმცა ბანკების დიდ ნაწილს ფულის რეზერვი აღარ აქვს. 

ავღანეთში ბრძოლები 1 მაისის შემდეგ გამწვავდა - მას შემდეგ, რაც აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა ჯარების გაყვანა ოფიციალურად დაიწყეს.

ჯარების გაყვანის პროცესი, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოსთვის დასრულდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები