19 დეკემბერი 2024,   05:57
ვრცლად
30-ზე მეტი მიწისძვრა ბოლო 2 თვეში - რას აცხადებენ სეისმოლოგები საქართველოში გახშირებულ სტიქიურ მოვლენებზე

3 მიწისძვრა ერთ ღამეში - სოფელ სამებასთან ყველაზე ძლიერი 5.1-ი მეათედი მაგნიტუდის მიწისძვრა გამთენიისას დაფიქსირდა. ბიძგები იგრძნობოდა თბილისშიც. დმანისის რაიონში, კონკრეტულად სოფელ სამებასთან ბოლო ორ კვირაში ეს მეცამეტე მიწისძვრა იყო, ორ თვეში კი 30-ზე მეტი მიწისძვრა მოხდა.

"ეს არის ერთ-ერთი რთული რეგიონი, სადაც გარდა ტექტონიკური ერთეულებისა, ანუ სეისმურად აქტიური პროცესებისა, პოსტ ვულკანური პროცესებიც მიმდინარეობს. მთლიანად ჯავახეთის ქედი არის ვულკანური წარმოშობის. მიწისძვრა არის შედეგი და არა მიზეზი, მიზეზი არის ტექტონიკური პროცესები," - აცხადებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი თეა გოდოლაძე.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმოლოგი მანანა ძმანაშვილი დადებითად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ენერგიის გამოთავისუფლება პატარა არადამანგრეველი ბიძგების სახით ხდება:

"ჩვენ ვერანაირ სცენარს წინასწარ ვერ დავდებთ, მთელი ზაფხულის პერიოდი მიდის საკმაოდ აქტიურად 3-4 მაგნიტუდამდე მიწისძვრების სახით, თუმცა უფრო პატარა ბიძგებიც საკმაოდ ხშირია, რასაც მხოლოდ ხელსაწყო აფიქსირებს. გუშინდელი მიწისძვრა საკმაოდ დიდი იყო 5.1 მაგნიტუდის, თბილისშიც კარგად შეიგრძნო მოსახლეობამ, კარგიც არის რომ პატარა ბიძგების სახით ხდება ენერგიის გამოთავისუფლება," - აღნიშნა მანანა ძმანაშვილმა.

დღის ამბები