საავადმყოფოში მოხვედრილი ინფიცირებულების 98%-ზე მეტი აცრილი არ იყო - რეანიმაციაში ორჯერ ვაქცინირებულების ერთეული შემთხვევები მოხვდა. ეს არის ოფიციალური სტატისტიკა - რეალური დაკვირვების შედეგი და სწორედ ამის შედეგის გამო ექიმები მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებენ. დღეს სურათს კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ კლინიკებში ადგილები აღარ არის. მაგალითად, ინფექციურ საავადმყოფოში მედიასთან ღიად თქვეს, რომ ელოდებიან ვინმეს გაწერას, რათა მძიმე პაციენტი მიიღონ. მსგავსი ვითარებაა თითქმის ყველგან - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა არის მაქსიმუმზე.
პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსით გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი დღეს ყველაზე მაღალი იყო. ვირუსმა საქართველოში 58 ინფიცირებულის სიცოცხლე შეიწირა. ინფიცირებულების რაოდენობა კი 4921. ინტენსიური გავრცელების მიზეზი დელტა შტამის დომინირებაა და სპეციალისტებს პოზიტიური მოლოდინი არც მომდევნო დღეებში აქვთ.
ექიმები არსებულ ეპიდვითარებას საგანგაშოს უწოდებენ. მათი თქმით, თუ ქვეყანაში ეს დინამიკა შენარჩუნდება, ქვეყანა მეოთხე ტალღის პიკში შევა. სპეციალისტებს შემოღებული რეგულაციების იმედი აქვთ და ამბობენ, რომ შედეგი ციფრებში დაახლოებით ორ კვირაში აისახება. ინფექციონისტების მთავარ მოწოდებად კვლავ ვაქცინაცია რჩება.
არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას დაიწყება თუ არა ახალი სასწავლო წელი. პედაგოგების დიდი ნაწილი აცრილია, მაგრამ უცნობია, რა ასაკიდან, რომელი ვაქცინით მოხდება მოზარდების აცრა.
ვაქცინაციის პროცესში კვლავ ჩართულია სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები. თავდაცვის უწყების მიერ შექმნილი მობილური სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები მედპერსონალს იმუნიზაციის პროცესში დახმარებას გაუწევენ.
ვაქცინაციის პროცესს გურიაში გაეცნო დღეს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილი ამცრელ ბრიგადებს გაესაუბრა და მოქალაქეების აქტივობით დაინტერესდა. კლინიკაში ვაქცინაცია ტარდება როგორც ჩაწერით, ისე - წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ცოცხალი რიგის პრინციპით.
კორონავირუსის გაზრდილი სტატისტიკის ფონზე, მოიმატა ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობამაც. ბოლო 24 საათის განმავლობაში 26 000-ზე მეტი ადამიანია აცრილი. სპეციალისტების შეფასებით, ეს რაოდენობა არასაკმარისია, რადგან მათი თქმით, პანდემიის დასამარცხებლად, დღის განმავლობაში 30 000-ზე მეტი ადამიანი უნდა აიცრას.