17 მაისი 2024,   10:01
ვრცლად
ავღანეთში არსებული სიტუაცია უკიდურესად მძიმეა, მოქალაქეები ქვეყნის დატოვებას ცდილობენ - თალიბანი კი ახალი მთავრობის ფორმირებაზე მსჯელობს

ავღანეთში არსებული სიტუაცია უკიდურესად მძიმეა. მოქალაქეები ქვეყნის დატოვებას ცდილობენ. თითქმის ყოველ ღამე ისინი აეროპორტის ღობის და ჯებირების გადალახვას ცდილობენ. მათ მოსაგერიებლად ამერიკელ სამხედროებს გამაფრთხილებელი გასროლა საათში რამდენჯერმე სჭირდებათ.

ამ ეტაპზე აეროპორტის ტერიტორიაზე მოხვედრა ფაქტობრივად შეუძლებელია მათთვისაც, ვისაც სპეციალური დოკუმენტაცია გააჩნია. მოქალაქეები შიშობენ, რომ 31 აგვისტოს შემდეგ ქვეყნის საზღვრების გადალახვას ვეღარ შეძლებენ. სწორედ ეს არის უკანასკნელი ვადა, როდესაც ამერიკელმა ჯარისკაცებმა ავღანეთი საბოლოოდ უნდა დატოვონ.

"ავღანეთში არსებული სიტუაცია არის არაპროგნოზირებადი და დინამიური. თქვენ ხედავთ თუ რა სიტუაციაა შექმნილი აეროპორტში. ის ყოველ საათში იცვლება. ჩვენი სამხედრო მეთაურები ადგილზე მიიღებენ გადაწყვეტილებებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დავეხმაროთ უდანაშაულო, მშვიდობიან მოქალაქეებს, რომელთაც აეროპორტში შესვლა სჭირდებათ. აეროპორტის პერიმეტრის გარეთ ძალიან სახიფათო სიტუაციაა და ეს უნდა გვესმოდეს,"- აცხადებს პენტაგონის პრესსპიკერი ჯონ კირბი.

თალიბანი კი ახალი მთავრობის ფორმირებაზე მსჯელობს. რადიკალური მოძრაობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქვეყანაში დაცული იქნება თითოეული მოქალაქის უფლება. კონკრეტულ მოდელს კი რელიგიურ და საგარეო საკითხებზე მომუშავე ექსპერტები წარადგენენ.

ამ ფონზე მსოფლიო მსჯელობს, როგორ და რა ფორმით გააგრძელოს ურთიერთობა თალიბანთან. ბორის ჯონსონი მაგალითად, მიიჩნევს, რომ მოლაპარაკება აუცილებელია. ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრეზიდენტი. მაგრამ ურსულა ფონ დერ ლეინი მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით გარკვეულ კომუნიკაციას მაინც არ გამორიცხავს. რაც შეეხება რუსეთს, ის თალიბებთან დიალოგისთვის მზადაა. 

დღის ამბები