შესასვლელის გარეშე დარჩენილი ოჯახი თბილისის ცენტრში და პრობლემა, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგაც ნაწილობრივ მოუგვარებელი რჩება.
დავის მიზეზი აბაშიძის 42 ნომერში მდებარე საერთო კიბეა. ტერიტორიაზე პრეტენზიას ორი ოჯახი აცხადებდა. 8 წლიანი განხილვის შემდეგ, სასამართლომ გადაწყვეტილება ერთ-ერთი მათგანის, ნადირაძეების სასარგებლოდ მიიღო, რის შემდეგაც, მათ ადგილზე კედლის ამოშენების გადაწყვეტილება მიიღეს.
მეორე ოჯახი აბაშიძის ქუჩიდან შესასვლელის გარეშე დარჩა. ლაშხიები ამტკიცებენ, რომ სხვა შესასვლელის გაკეთება ადგილზე შეუძლებელია.
"კიბე იყო სამი ოჯახის, მაგრამ მოხდა ისე, რომ ქალბატონი ინეზას სახელზე დამტკიცდა ეს მონაკვეთი. ახლა აპირებენ რომ ამოიქოლოს შესასვლელი. შინაპატიმრობაშია ქალბატონი გულიკო,"-აცხადებს გივი ლაშხია.
ნადირაძეები ამბობენ, რომ ალტერნატიული კარის გასაკეთებლად მეზობლებს წელიწადნახევარი ჰქონდათ.
"რატომ არ აღასრულა სასამართლო განაჩენი. რაზმაძის ქუჩიდან უნდა ჰქონდეს შემოსასვლელი, მაგრამ არ იკეთებს, პრინციპული პოზიცია აქვს ასეთი. ჩვენ, გასაგებია, 83 წლის ქალბატონია და 1.5 წელი ვუცადეთ, რომ იქნება ახლა, არც ფინანსური პრობლემა არ აქვს, არც შშმ პირია და არც სოციალურად დაუცველი. ეს არის მისი პირადი ახირება,"-აცხადებს ეკა ნადირაძე.