თბილისში მოქალაქეების ასაცრელად 10 სამგზავრო ავტობუსი გამოიყოფა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, პირველ რიგში ავტობუსები ვარკეთილის, გლდანისა და სადგურის ტერიტორიაზე განთავსდება.
"გადავწყვიტეთ, რომ თბილისში პირველ ეტაპზე დაგვეწყო სამი ავტობუსით. ამისათვის გამოვკვეთეთ ის რაიონები, სადაც ყველაზე ნაკლები ხელმისაწვდომობა იყო ვაქცინაციის პუნქტებისთვის და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვარკეთილში, გლდანში და სადგურის ტერიტორიაზე განვათავსებთ სამ ავტობუსს. ჯამში, დაგეგმილია 10 ავტობუსის განთავსება,"- განაცხადა მინისტრმა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ავტობუსებში ყველანაირი პირობაა შექმნილი უსაფრთხო ვაქცინაციისთვის.
"აქ ყოველგვარი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მივლენ ადამიანები. იქ არის საკმაოდ კარგად აღჭურვილი, რეგისტრაცია, სადაც ექიმი შესაბამისი კითხვარით იკვლევს მოქალაქეს, შემდეგ მიდის და იცრება იმ ვაქცინით, რაც მას სურს და შემდეგ არის იქვე მოცდის არეალი. ასევე, თუ რამე გვერდითი მოქმედება იქნა, სათანადო აღჭურვილობა არის იქ გადაუდებელი დახმარების ჩასატარებლად,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.