კვლავ მაღალია კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა საქართველოში. COVID-19-ს ბოლო 24 საათში 78 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, კორონავირუსით კიდევ 1 915 ადამიანი დაინფიცირდა, თუმცა წინა დღეებისგან განსხვავებით ბოლო 24 საათში მხოლოდ 9 000 PCR ტესტი ჩატარდა.
როგორც ქავთარაძის საველე ჰოსპიტლის კოორდინატორი მერაბ ჩიქოვანი ამბობს, საველე ჰოსპიტალში პაციენტების რაოდენობა მუდმივად იმატებს. პაციენტების რაოდენობა ამ ეტაპზე 92-ს შეადგენს.
"პაციენტების რაოდენობა ჯერჯერობით იმატებს. მკურნალობას აგრძელებს 92 პაციენტი, მორიგეობის განმავლობაში განხორციელდა 3 რეფერალი პაციენტის ზოგადი მდგომარეობის დამძიმების გამო. გაეწერა 4 პაციენტი ბინაზე. მეტწილად პაციენტები არიან ჟანგბადდამოკიდებულები, თუმცა სტაბილიზაცია და გაუმჯობესებაც აღინიშნება პაციენტების გარკვეულ ნაწილთან და იგეგმება მათი გაწერა ბინაზე სამომავლოდ," - განაცხადა ქავთარაძის საველე ჰოსპიტლის კოორდინატორმა მერაბ ჩიქოვანმა.