"ექიმებისა და მეცნიერების პროგნოზით, ეპიდვითარება ოქტომბრიდან უნდა დასტაბილურდეს," - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, არსებულ ეპიდსიტუაციაში პირბადის ტარება და აცრა არის გამოსავალი, იმისთვის, რომ ქვეყანა არ ჩაიკეტოს და ეკონომიკური განვითარება გაგრძელდეს.
"ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ძალიან კარგად, მობილიზებულად მუშაობს. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ექიმს, რომლებიც გმირულად ემსახურებიან ჩვენს მოსახლეობას. ჩვენ ადრეც ვთქვით და მინდა გავიმეორო, არცერთი მოქალაქე არ უნდა დაგვრჩეს ზრუნვის გარეშე და ყველას მაქსიმალური ზრუნვა უნდა აღმოვუჩინოთ.
ჩვენთვის მთავარი გამოსავალი ამ სიტუაციაში არის სწორედ აცრები და ყველას უნდა მოვუწოდოთ ვაქცინაციისკენ. მილიონ ადამიანს ძალიან მალე ავცრით, ალბათ უახლოეს რამდენიმე დღეში. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ სექტემბრის ბოლომდე 2 მილიონი ჩვენი მოქალაქე იყოს აცრილი, აქედან ზოგი იქნება ერთჯერადად, ზოგი იქნება უკვე ორჯერადად აცრილი. ალბათ მილიონს უკვე გადატანილი ექნება და აქვს კიდევაც გადატანილი და საბოლოო ჯამში, ვფიქრობთ, ჩვენი ექიმების და მეცნიერების პროგნოზია, რომ შედარებით დასტაბილურდება სიტუაცია. რამდენიმე კვირა დაგვრჩა, უნდა გადავიტანოთ ყველამ ერთად ეს მძიმე პერიოდი და ოქტომბრიდან, ყველა პროგნოზის მიხედვით, იქნება მშვიდი პერიოდი, დამშვიდდება სიტუაცია. თუმცა, რა თქმა უნდა, მანამდე უნდა მივიდეთ მობილიზებულად და ეს სიტუაცია უნდა იმართოს.
აცრების პროცესი მიმდინარეობს საკმაოდ კარგად. მინისტრმა ასევე გააფართოვა ვაქცინაციის პროცესი თბილისშიც, ავტობუსებში დავიწყეთ, ქალაქის მერიასთან ერთად, ერთობლივად დაალაგეს ეს პროექტი და კიდევ უნდა გაფართოვდეს ეს პროცესი. რეგიონებში მაქსიმალურად უნდა მოვიცვათ, ვაქცინაციის მთლიანი არეალი უნდა გაფართოვდეს.
ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ჯარის, სამხედრო ექიმების ჩართულობა. მათი ბრიგადები კოორდინაციაში არიან ჯანდაცვის სისტემასთან და რეგიონებში, სოფლად დადიან და ადგილზე ცრიან მოსახლეობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა სოფელში ეტაპობრივად უნდა ჩავიტანოთ ვაქცინები და ადგილზე მოსახლეობას შევთავაზოთ უფასო აცრა. კარგი ტენდენცია მომდინარეობს, რომ მოსახლეობამ საკმაოდ დიდი მზაობა გამოიჩინა ვაქცინის მიმართ. ეტაპობრივად იხსნება ის სკეპტიკური დამოკიდებულება, რაც მანამდე იყო, მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ კომუნიკაცია. მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, ამის მნიშვნელობის თაობაზე კიდევ უნდა ვესაუბროთ ყოველდღიურად. პირბადის ტარება და აცრა არის გამოსავალი ამ სიტუაციაში, იმისთვის, რომ ქვეყანა არ ჩაიკეტოს, ქვეყნის ეკონომიკის განვითარება გაგრძელდეს და ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.