16 ნოემბერი 2024,   19:54
ვრცლად
ის, რომ სიტუაცია დამშვიდდა და ომი არ გვქონია, "ქართული ოცნების" და პირადად ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა - ირაკლი ღარიბაშვილი

ერთ თვეზე ნაკლები რჩება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე. "ქართული ოცნება" ამჯერად  მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატებს რაჭაში წარადგენს. მმართველმა პარტიამ საზოგადოებას ონის მერობის კანდიდატი წარუდგინა.

პრემიერ-მინისტრმა, ბოლო წლებში განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა, ასევე მთავრობის წარმომადგენლებმა საზოგადოებას სამომავლო გეგმების შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია.

"2012 წლის 1-ლი ოქტომბრიდან, მას შემდეგ, რაც ჩვენ ყველამ ერთად ისტორიულ გამარჯვებას მივაღწიეთ, ქვეყანა დავამშვიდეთ, დავასტაბილურეთ და დავიწყეთ რეალური საქმის კეთება, რეალური და არა ფასადური და მხოლოდ ფრაგმენტული, ისიც ჩინოვნიკების კომფორტზე მორგებული პროექტების განხორციელება, ჩვენი ოპონენტები 24 საათის განმავლობაში აკრიტიკებენ ხელისუფლებას არა გაკეთებულ საქმეზე, არამედ მხოლოდ პირად შეურაცხყოფაზე არიან გადასული. ამ დროს ჩვენი ხელისუფლება აკეთებს საქმეს, იქნება ეს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, გაზიფიცირების სამუშაოები, წყალგაყვანილობა.

 ჩვენ დავიწყეთ ისეთი წარმატებული პროექტები, როგორიც არის "აწარმოე საქართველოში", "დანერგე მომავალი", "შეღავათიანი აგროკრედიტი", რომლითაც ჩვენმა მოსახლეობამ ისარგებლა და ათასობით ბენეფიციარმა მიიღო ის სარგებელი, რომელიც სახელმწიფომ გამოყო ჩვენი მოსახლეობისთვის. შეიქმნა ათასობით ახალი სამუშაო ადგილი. თუმცა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ დღეს ყველაზე მთავარი გამოწვევა ქვეყანაში არის უმუშევრობა და ეკონომიკური სიდუხჭირე, რაც ჩვენ ყველამ ერთად, ერთიანი ძალისხმევით უნდა დავძლიოთ. ამას სჭირდება კიდევ უფრო გაათმაგებული ენერგიით მუშაობა, კიდევ უფრო მაღალი ტემპები, რათა რაც შეიძლება მოკლე დროში მოგვარდეს ყველა ის პრობლემა, რომელიც ჯერ კიდევ დარჩენილია," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერმა განაცხადა, რომ ის, რომ სიტუაცია დამშვიდდა და ქვეყანას არ ჰქონია ომი, "ქართული ოცნების" და პირადად ბიძინა ივანიშვილის დამსახურება.

"ქართული ოცნების" დამსახურება არის ის, რომ ქვეყანაში სიტუაცია დამშვიდდა, დასტაბილურდა. ის, რომ ომი არ გვქონია და ეს არის პირველი გამონაკლისი პერიოდი მმართველობის, ჩვენი ხელისუფლების და ეს არის რა თქმა უნდა, "ქართული ოცნების" და პირადად, ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, სწორედ მისმა მმართველობამ მოიტანა ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. ეს არ ყოფილა იოლი. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ წინა მმართველების დროს ქვეყანამ კატასტროფული შედეგები მიიღო - ომებით, სამოქალაქო დაპირისპირებით, ტერიტორიების დაკარგვით," - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები