08 დეკემბერი 2021,   05:10
ვრცლად
"მაკაროვი", "ტტ", ხელყუმბარა, კუსტარული პისტოლეტი და ვაზნები - თბილისსა და ქუთაისში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა დროს, თბილისსა და ქუთაისში, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს და სამი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ტ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და ავტომობილის ჩხრეკისას, "მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, "ტტ"-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 4 მჭიდი და 22 ვაზნა ამოიღეს.

ასევე თბილისში დააკავეს 1995 წელს დაბადებული ი.ბ. ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა. პოლიციამ, მისი პირადი ავტომობილის ჩხრეკისას, კუსტარულად დამზადებული პისტოლეტი, მჭიდი და 4 საბრძოლო ვაზნა ამოიღო.

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1972 წელს დაბადებული გ.ს. დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ცაგერის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, "ეფ1"-ის ტიპის ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დღის ამბები