26 აპრილი 2024,   19:19
ვრცლად
პრემიერ-მინისტრს ჰქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრები, სადაც განსაკუთრებით გამოიკვეთა საქართველოს როლი რეგიონში - დავით ზალკალიანი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეერთებულ შტატებში ვიზიტს აგრძელებს. ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილმა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ავსტრიის კანცლერთან გამართა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა თურქეთის პრეზიდენტსაც. გაეროს ტრიბუნიდან ირაკლი ღარიბაშვილი გენერალური დებატების მონაწილეებს 24 სექტემბერს მიმართავს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან ქართული დელეგაციის ვიზიტის პირველი დღე შეაჯამა.

"პრემიერ-მინისტრს ჰქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრები, სადაც განსაკუთრებით გამოიკვეთა საქართველოს როლი რეგიონში და ის ფუნქცია, რასაც ჩვენ ვასრულებთ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან მიმართებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიწვეული იყო ავსტრიის კანცლერის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, სადაც საუბარი შეეხო ავღანეთში განვითარებულ მოვლენებს და იმ მნიშვნელოვან როლს, რომელიც საქართველომ შეასრულა ჰუმანიტარულ მისიაში.

ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო თურქეთის პრეზიდენტთან, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის როლი, როგორც ყარაბაღში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებში გამოიკვეთა და ის მედიაციის პროცესი, რომელიც წარმართული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან.

მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა პოლონეთის პრეზიდენტის ინიციატივით, სადაც მიწვეული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოლდოველ კოლეგებთან ერთად ყველა ერთხმად აღიარებს, რომ სამი ქვეყანა არის გამოკვეთილი პარტნიორი აღმოსავლეთ პარტნიორობის კუთხით და ყოვლისმომცველი და დიფერენცირებული მიდგომის პრინციპი - "მეტი მეტისთვის" იყოს უზრუნველყოფილი," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები