19 აპრილი 2024,   23:31
ვრცლად
არ მინდა ვიყო უსამართლობის მსხვერპლი, მზად ვარ ვაგო პასუხი... - რა უთხრა ბრალდებულმა პოლიციელმა ნაფიც მსაჯულებს განაჩენის გამოტანამდე

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა ყოფილმა პოლიციელმა მისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე, ნაფიც მსაჯულებს სიტყვით მიმართა.

ბრალდებულმა განაცხადა, რომ წაყენებულ ბრალში თავს დამნაშავედ არ სცნობს. მისი თქმით, მზად არის ჩადენილი ქმედებისთვის პასუხი აგოს, თუმცა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში არ ჩაუდენია.

"არ მინდა ვიყო უსამართლო ბრალდების მსხვერპლი. ჩემთვის ძალიან მომაკვდინებელია ის ბრალდება რაც წაყენებული მაქვს - განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში. მე განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში არ ჩამიდენია.

მე რაც ჩავიდინე იმავე წუთიდან მზად ვარ იმისთვის, რომ ვაგო პასუხი და არა ისე, რომ დარბაზიდან ვინმემ გამიშვას, როგორც გაჟღერდა ან რამე შეღავათები გავრცელდეს, არამედ იმ ქმედებაზე ვაგო პასუხი სრული სიმკაცრით, რა ქმედებაც ჩავიდინე და არაა იმაზე, რაც არ ჩამიდენია," - განაცხადა ბრალდებულმა. 

ცნობისთვის, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს.

ეს გადაწყვეტილება სასამართლოს შემაჯამებელი სხდომის შემდეგ, 11-მა მსაჯულმა თითქმის 10 საათიანი მსჯელობის შემდეგ მიიღო. სასჯელის ვადის დადგენაზე სასამართლო უახლოეს საათებში იმსჯელებს.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 2020 წელს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში მომხდარ მკვლელობას, რა დროსაც თელავის პოლიციის მაშინდელი უფროსის ყოფილმა მოადგილემ საავადმყოფოს დირექტორი, 38 წლის ზურა საჩიშვილი სამსახურებრივი იარაღით მოკლა.

დღის ამბები