დავით დაუთაშვილმა დღეს სასამართლო სხდომაზე დმანისში დაჭრის ფაქტი აღიარა, თუმცა წარდგენილი ბრალი, რომ ეს დანაშაული განზრახ ჩაიდინა, უარყო. "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის დაკავებული შვილი ამბობს, რომ სოფელ განთიადში ფიზიკურ დაპირისპირებაში მხოლოდ მას შემდეგ ჩაერთო, რაც დაინახა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები მამამისს სცემდნენ.
ბრალდებული მოსამართლემ 2 თვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა და ამით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე დაუთაშვილის აღკვეთის გარეშე გათავისუფლებას ითხოვდა. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის ადვოკატმა ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ სამედიცინო დასკვნაც წარმოადგინა, თუმცა, მოსამართლემ გადაწყვეტილების მიღებისას ეს გარემოება არ გაითვალისწინა.
დავით დაუთაშვილის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ "ნაციონალურ მოძრაობაში", სადაც მიაჩნიათ, რომ 1 პირის დაკავებით პრობლემა არ გადაიჭრება. პარტიაში ფიქრობენ, რომ უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც 21 სექტემბერს სოფელ განთიადში მათ აქტივისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდა.
დავით დაუთაშვილის მამა, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი შვილის ქმედებას არ ამართლებს, თუმცა, დარწმუნებულია, რომ მის შვილს ოპოზიციის წარმომადგენლებმა პროვოკაცია მოუწყვეს.
ინციდენტი სოფელ განთიადში 21 სექტემბერს სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები ამომრჩეველს ხვდებოდნენ. ფიზიკურ დაპირისპირებაში "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის აქტივისტები მონაწილეობდნენ, შემთხვევის დროს "ნაციონალური მოძრაობის" 2 მხარდამჭერი დაიჭრა, საქმეზე დაკავებულია მხოლოდ 1 პირი, მას გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება.