მილიონ მოსახლეზე საქართველო დაღუპულთა რაოდენობით, მთელს მსოფლიოში მე-12 ადგილზეა.
საგანგაშოა ინფიცირების სტატისტიკაც, რომლის თანახმად, მილიონ მოსახლეზე საქართველოში 200 ათასი ადამიანი ავადდება, ინფიცირების მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში მე-4 ადგილზეა.
საგანგაშოა ვაქცინაციის ტემპის ვარდნაც, მეხუთე ტალღის მოახლოებას თან ერთვის სეზონური ვირუსი, ეპიდემიოლოგები გვაფრთხილებენ, რომ არა მხოლოდ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, არამედ სეზონური გრიპის ვაქცინითაც უნდა ავიცრათ.
ვაქცინაციის ტემპის ვარდნა აჩენს კითხვის ნიშანს, შეძლებს თუ არა საქართველო მოზრდილი მოსახლეობის 60% ვაქცინირებას წლის ბოლომდე?! მაშინ, როდესაც პირველ 8 თვეში მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 33,2%-ია ვაქცინირებული.
შეგახსენებთ, რომ ვირუსის შეკავების ერთადერთი გზა არის იმუნიზაცია, ამას აცრების ეფექტურობაზე ჩატარებული კვლევაც ადასტურებს.
დაავადებათა კონტროლის ანგარიშში წერია, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო, COVID-19-ით 5 469 ადამიანი გარდაიცვალა და მათგან 98,95% აუცრელი იყო. საყურადღებოა, რომ კორონავირუსს საქართველოში 17 ორსული შეეწირა, მათგან სრულად ვაქცინირებული არცერთი არ ყოფილა.