ჭყონდიდის ეპარქიის განკვეთილი ბერები და მათი მხარდამჭერები დღეს სალხინოში იკრიბებიან. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ფეისბუკ-გვერდმა სალხინო-წაჩხურუს მრევლმა გაავრცელა.
"ყველას გელოდებით დიდსა და პატარას ვისთვისაც უკანონოდ დევნილი მამების მიმართ ოდნავ სიყვარული და პატივისცემა გაგაჩნიათ. სამეგრელოდან დაიწყება გაწმენდა უღირსი სასულიერო პირების და უფალი აუცილებლად დაგვეხმარება ამაში," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ადგილზე ამ დროისთვის კვლავ ხალხმრავლობაა და ისევ მობილიზებულია პოლიცია, სალხინოს მონასტრიდან გამომავალ მანქანებს, რომელსაც გარეთ შეკრებილები შეძახილებით ხვდებიან სწორედ პოლიცია აცილებს.
"ქუჩაში ვართ გამოსახლებული 10 ადამიანი, ჩვენ ამას ვაპროტესტებთ და გვინდა ვანახოთ,რ ომ ხალხი ჩვენს გვერდშია და ხალხს უნდა მშვიდობიანი და ნორმალური სიტუაცია," - აცხადებს სალხინოს მამათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარი, ბერი დანიელი.
ადგილზე იმყოფება მონაზონი სოსანაც, მისი თქმით, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პასუხი უნდა გასცეს კითხვებს, რომელიც არა მხოლოდ სასულიერო პირებს, არამედ მრევლსაც აქვს
"მამების გვერდით დადგა მთელი მრევლი, მოითხოვენ საეკლესიო სასამართლოს აღდგენას და ყველა ეკლესიური პრობლემის ამ სასამართლოთი გადაწყვეტას. კითხვები აქვთ და პასუხებს ელოდებიან მეუფე სტეფანესგან. იმედია ისურვებს, შეხვდება და პასუხს გაცემს, მოძღვრები რომ გამოყარა მონასტრიდან რას უპირებს,"- განაცხადა მონაზონმა სოსანამ.
ადგილზე შეკრებილი მრევლის წევრები ამბობენ, რომ ისინი განკვეთილი ბერების მხარდასაჭერად მოვიდნენ და ითხოვენ რომ მიტროპოლიტმა სტეფანემ დატოვოს ის ეპარქია, რომლის სიმშვიდეც თავისი მოსვლით დაარღვია.