02 სექტემბერი 2026,   17:56
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები, ხვალისთვის დანიშნული სასამართლო პროცესის გამართვას, რომელიც 7 ნოემბრის საქმეს ეხება, სასამართლო დარბაზში ითხოვენ

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ხვალისთვის დანიშნული სასამართლო პროცესის გამართვას სასამართლოს დარბაზში ითხოვენ. ამის შესახებ მათ ცოტა ხნის წინ, გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან განაცხადეს.

ისინი, ამ წუთებში, უკვე ყოფილ პრეზიდენტთან საკანში იმყოფებიან. ადვოკატები კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ ექსპრეზიდენტზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს და რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა გაუარესებულია.

ადვოკატების განცხადებით, ყველაფრის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი შეძლებს სასამართლო პროცესზე დასწრებას. ისინი ამბობენ, რომ აუცილებელია, სხდომა, რომელიც 7 ნოემბრის საქმეს ეხება, სასამართლოში და არა დაწესებულებაში გაიმართოს.

უცნობია, საერთოდ ჩატარდება თუ არა სასამართლო პროცესი, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ და საპროტესტო აქციის დარბევას 7 ნოემბერს, და ასევე, ბადრი პატარკაციშვილის ქონების ჩამორთმევას ეხება, სადაც მიხეილ სააკაშვილს თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ედავებიან.

ადვოკატების განცხადებით, სწორედ ამ ვიზიტის შემდეგ გახდება ცნობილი დათანხმდა თუ არა საავადმყოფოში პრეპარატების მიღებასა და მედიკოსების ჩართულობას მიხეილ სააკაშვილი და როგორია მისი პოზიცია მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით.

რა გზავნილებით გამოვლენ ადვოკატები დაწესებულებიდან ეს დაახლოებით 1 საათში გახდება ცნობილი.

დღის ამბები