28 აგვისტო 2026,   21:24
ვრცლად
"როცა ადამიანი საგანგებო, განსაკუთრებულ მდგომარეობაშია, შეიძლება ნაშიმშილები კი არა, ნამარხულევიც არ იყოს და ეზიაროს" - მიტროპოლიტი გრიგოლი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის ნიკოლოზის მიერ ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულების ფაქტს გამოეხმაურა. მიტროპოლიტის ნიკოლოზის განცხადებებს, საზოგადოებაში ვნებათაღელვა მოჰყვა.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ზიარება მიტროპოლიტი ნიკოლოზის გადასაწყვეტია. მისივე განმარტებით, შეიძლება ადამიანი ნამარხულევიც არ იყოს, თუმცა საგანგებო-განსაკუთრებულ მდგომარეობაში ის სასულიერო პირმა მაინც აზიაროს.

"მეუფე ნიკოლოზმა აზიარა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ეს იყო მისი გადასაწყვეტი. უშუალოდ ის წყვეტს, როცა ადამიანს ესაუბრება სულიერ თემაზე, როცა აღსარებას იბარებს, აზიაროს თუ არა ნაშიმშილები, გააჩნია კონკრეტულ ვითარებას. როცა ადამიანი საგანგბო-განსაკუთრებულ მდგომარეობაშია, ან ავად არის, ან რაიმე სხვა უკიდურესად რთული გარემოა, შეიძლება მაშინ ადამიანი ნაშიმშილები კი არა, ნამარხულებიც არ იყოს და აზიაროს, ეს მისი გადასაწყვეტია ყველა კონკრეტულ შემთხვევაში. ის, რომ ახლა პატიმარი აზიარა ეს მადლიანი საქმეა," - ამბობს მიტროპოლიტი.

მიტროპოლიტი გრიგოლის განცხადებით, პატიმრის მონახულება ყოველი ქრისტიანის ვალია.

"პატიმრის მონახულება ყოველი ქრისტიანის ვალია და ერთ-ერთი დიდი სათნოებაა. პატიმრის მონახულებას არ სჭირდება საერთოდ ვინმეს დავალება, მაცხოვარმა დაგვავალა ჩვენ, რომ პატიმრებს ნუგეში ვცეთ, ნებისმიერ პატიმარს, ვისაც იცნობ ან არ იცნობ, ვისაც მიგიწვდება ხელი და ვინც ითხოვს ამას," - განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა.

მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ექსპრეზიდენტი ციხეში, დაახლოებით, 1 კვირის წინ მოინახულა. სასულიერო პირმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი  40 დღე მშრალ მარხვაზე იმყოფებოდა, შემდეგ ჩააბარა აღსარება და ეზიარა, რაც მიტროპოლიტის განცხადებით, ძალიან დიდი ღვაწლია.

დღის ამბები