იმისთვის რომ ჯანდაცვის სისტემა არ გადაიტვირთოს და მდგომარეობა უფრო მეტად არ გართულდეს ექიმები მოსახლეობას ვაქცინაციისა და რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.
ვაქცინაცის აუცილებლობაზე საუბრობს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძეც, მისი თქმით, ერთ და ორ დღეში ვაქცინაციის შედეგს ვერ დავინახავთ, თუმცა მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად გამოიყენონ მოქალაქეებმა ნოემბრის თვე, რომ შემდეგ კვირებში უკვე დაგვიანებული არ იყოს იმუნიზაცია.
"70-80 გარდაცვლილი ყოველდღიურად, ერთი თვის განმავლობაში, ძალიან მაღალი ციფრია. ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ ვაქცინაციის შედეგი არ არის მყისიერი, თუ თქვენ გადაწყვიტეთ ვაქცინაციის ჩატარება, დღესაც რომ მივიდეს საქართველოში ვაქცინაციის კაბინეტში 30 ათასი ადამიანი, ჩვენ ხვალ და ზეგ ამის შედეგს ვერ ვნახავთ. გვინდა, რომ ნოემბრის დარჩენილი დღეები იყოს მაქსიმალურად გამოყენებული, ყველა იმ ადამიანმა გამოიყენოს, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს იმუნიზაცის ჩატარება, რაღაც პერიოდის შემდეგ, თუნდაც ორი სამი კვირის შემდეგ, ეს მართლა ძალიან დაგვიანებული იქნება,“- განაცხადა ივანე ჩხაიძემ
იმუნიზაცია რომ მნიშვნელოვანია, ამას იზიარებს ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორი დავით რეხვიაშვილიც, მისი ინფორმაცით, ციციშვილის კლინიკაში 20 პაციენტი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, აქედან მხოლოდ 4-ის მშობელია აცრილი. რაც შეეხება იმუნიზაციას, მათი ვაქცინაციის კაბინეტში 12 წლის ზემოთ მოზარდები უკვე აიცრნენ, რაც, ექიმის შეფასებით, დამაიმედებელია.
82 გარდაცვლილი, 1820 ახალი შემთხვევა და 6017 გამოჯანმრთელებული - ასეთია ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ექიმები შიშობენ, რომ წლის ბოლომდე ვირუსი საქართველოში დამატებით ასობით ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს. ბოლო ინფორმაციით, ამ ეტაპზე, კლინიკებში 7 000-მდე მძიმე პაციენტია მოთავსებული.