02 სექტემბერი 2026,   19:34
ვრცლად
სახალხო დამცველმა და ექიმთა ჯგუფმა ციხის საავადმყოფო გვიან ღამით დატოვეს - რა შეფასებები გაკეთდა მონიტორინგის შემდეგ

რამდენიმესაათიანი ვიზიტის შემდეგ, ნინო ლომჯარიამ და სახალხო დამცველის ოფისთან შექმნილმა ექიმთა ჯგუფმა ციხის საავადმყოფო გვიან ღამით დატოვეს. მათ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასეს, დაათვალიერეს სამკურნალო დაწესებულების ინფრასტრუქტურა.

"მოგვეცა სრულყოფილად შესწავლის საშუალება," - განაცხადა ვიზიტის შემდგომ ნინო ლომჯარიამ.

ექიმები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე, მიხეილ სააკაშვილი მძიმე პაციენტად არ ითვლება, თუმცა ვითარება, ანალიზების მიხედვით, ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს. მათივე განმარტებით, ინტენსიური თერაპიის პალატა, სადაც ყოფილი პრეზიდენტია მოთავსებული კარგად არის აღჭურვილი, თუმცა არის უარყოფითი მხარეებიც. დეტალურ დასკვნას კონსილიუმი საზოგადოება დღეს შეატყობინებს.

"ვერ ვიტყვი, რომ მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, მაგრამ ძალიან ახლოს არის რომ რამდენიმე დღეში დამძიმდება, იმიტომ რომ მის ანალიზებში არის უკვე ისეთი ცვლილებები, რომელიც საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას. არის ინტენსიური თერაპიის პალატა გაკეთებული, საკმაოდ კარგად აღჭურვილი, სტაფი არის გადმოყვანილი რესპუბლიკური საავადმყოფოდან. იქ არის მორიგე ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი და მორიგე ექთანი, ყოველდღე. მაგრამ უარყოფითი არის ის, რომ ინტენსიური თერაპიის გამოცდილება ამ დაწესებულებას არ აქვს,"- აღნიშნა სახალხო დამცველის ოფისთან შექმნილი ექიმების ჯგუფის წევრმა, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა გიორგი გრიგოლიამ.

დღის ამბები