16 ნოემბერი 2024,   13:55
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში საშუალოზე დაბალი სირთულეა რეალურად, როდესაც ასეთი კატეგორიის პაციენტი გადადის, გუნდი შედგება 3 ადამიანისგან - დავით სერგეენკო

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო "ღამის კურიერის" ეთერში განმარტავს, თუ რამდენი ადამიანისგან შედგება პერსონალი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანისას რეანომობილში იქნება მობილიზებული.

დავით სერგეენკო ასევე განმარტავს, რა საჭირო აპარატურით იქნება აღჭურვილი რეანომობილი.

მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოზე დაბალ სირთულეს წარმოადგენს და მისი გორის ჰოსპიტალში გადაყვანისთვის ერთი რეანომობილი სავსებით საკმარისია.

"ეს საშუალოზე დაბალი სირთულე არის რეალურად, როდესაც ასეთი კატეგორიის პაციენტი გადადის, გუნდი შედგება 3 ადმიანისგან: მძღოლი, რომელსაც ამავე დროს აქვს პარამედიკოსის გადამზადება გავლილი; ექიმი და უმცროსი ექიმი.

თვითონ მანქანა ასეთ შემთხვევაში აღჭურვილი არის, რომ წარმოვიდგინოთ: ერთი ბლოკი არის მონიტორინგის - ის აუცილებელი სასიცოცხლო პარამეტრები, რაც უნდა მონიტორდებოდეს უწყვეტად; მეორე, ეს არის მედიკამენტების ბლოკი, პოტენციური და თეორიული, ამ შემთხვევაში გართულებების დროს, რაც შეიძლება იქნას გამოყენებული; და მესამე არის დამხმარე აღჭურვილობა, რომელიც არის დაწყებული საჰაერო გზების მართვა, მექანიკური ვენტილაცია და ა.შ.

ეს მართლაც სტანდარტული ჩამონათვალია, რომელიც ჩვენ ვეცადეთ, რომ ძალიან სკურპულოზურად გაგვეკეთებინა ადაპტაცია ევროპული სტანდარტებისგან და ასე არიან აღჭურვილი ეს მანქანები.

არანაირი საჭიროება დამატებითი რეანომობილის არ არის, ცალსახად არანაირი საჭიროება ამისი არ არის. ერთი მანქანა, ერთი ბრიგადა სავსებით საკმარისია," - განაცხადა დავით სერგეენკომ.

შეგახსენებთ, მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე თანხმობა განაცხადა და შიმშილობას ჰოსპიტალში გადაყვანისთანავე შეწყვეტს. არსებული ინფორმაციით, სააკაშვილს სამხედრო ჰოსპიტალში დღეს გვიან ღამით გადაიყვანენ.

დღის ამბები