საჩუქრები და გასართობი აქტივობები მოქალაქეებისათვის - ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია მარნეულში გრძელდება. ადგილობრივთა აქტივობა მაღალია, ღონისძიებაზე მისული მოქალაქეები კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას იკეთებენ.
ყველზე ნაკლები პროცენტულად რომ ვიანგარიშოთ ამ რაიონშია აცრილი. ძალიან ბევრ პენსიონერს ვხედავ. ათეულობით ადამიანი აიცრა, ძალიან ბევრი ელოდება თავის რიგს. პრინციპში ძალიან კმაყოფილი ვართ. გარდა ამ პუნქტისა, სამედიცინო დაწესებულებებშიც ჩვეულებრივად გრძელდება ვაქცინაცია - აცხადებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე, რომელიც ასევე მარნეულში იმყოფება.
ვაქცინაციის მსურველ პირებს დამატებით წახალისებას სთავაზობს იუსტიციის სამინისტროც. მობილური იუსტიციის სახლები მათ ნებისმიერ მომსახურებას სრულიად უფასოდ გაუწევენ:
"თითოეულ აცრილ მოქალაქეს ადგილზევე, მობილური იუსტიციის სახლების მეშვეობით ვთავაზობთ ნებისმიერ მომსახურებას სრულიდ უფასოდ და იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს იქნება დამატებითი წახალისება ვაქცინაციის მსურველ პირთათვის, ამ წუთისათვის ყველაზე მოთხოვნადი მომსახურებაა პირადობის მოწმობა და პასპორტი," - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ ტყეშელაშვილმა.
დადებითად აფასებენ წამახალისებელ აქციებს ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და პარლამენტის მარნეული-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალიც, რომლებიც ასევე ესწრებიან ვაქცინაციის წამახალისებელ კამპანიას.