16 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
ექიმთა კონსილიუმის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, მისი მეუღლე კი საპირისპიროს ამტკიცებს

დღის ბოლოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარების შესახებ მედიას ინფორმაცია კონსილიუმის ექიმმა მიაწოდა. გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება და პაციენტს მკურნალობის კურსიც გეგმის მიხედვით უტარდება.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს მისი უკრაინელი მეუღლე. ლიზა იასკო ეჭვობს, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა უარესდება, თუმცა ამბობს იმასაც, რომ სააკაშვილს მკურნალობის გაგრძელება საზღვარგარეთ არ სურს.

ჯანდაცვის მინისტრი კი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი მკურნალობის გაგრძელება უცხოეთში საერთოდ არ ესაჭიროება. ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის გაუმჯობესებულია და ის ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არის.

პატიმარი ექსპრეზიდენტი ქვეყანაში პოლიტიკურ ბრძოლას რომ განაგრძობს, ეს მასთან შეხვდრის შემდეგ ადვოკატებმა გაახმოვანეს. ისაუბრეს თავისუფლების კომიტეტის იმ საინიციატივო ჯგუფზეც, რომელიც უახლოეს დღეებში უნდა შეიქნას და რომელიც, სააკაშვილის თქმით, მის გათავისუფლებაზე იმუშავებს. მათი ვინაობის დასახელებისგან ინტერესების დამცველები, ამ დროისთვის, თავს იკავებენ. ადვოკატების თქმით, სააკაშვილი მზად არის 29 ნოემბერს განსასჯელის სკამზეც დაჯდეს და ამ ფორმით დაპატიმრების შემდეგ პირველად გამოჩნდეს საზოგადოების წინაშე.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი გორში დღეს აღარ გამოჩენილან. მიხეილ სააკაშვილმა კი უკვე დააანონსა, რომ თუკი თანაგუნდელებთან შეხვდრის საშუალება არ მიეცემა, ამჯერად, უკვე გორის ჰოსპიტალში შეწყვეტს მკურნალობის კურსს.

მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტთან დღეს უკრაინის ელჩის მრჩეველიც იმყოფებოდა, თუმცა მან სამკურნალო დაწესებულება კომენტარი გარეშე დატოვა. ექსპრეზიდენტი შიმშილობის შედეგებს გორის სამხედრო ჰოსპიტალში ებრძვის, სადაც ის უკვე მეექვსე დღეა მკურნალობს.

დღის ამბები