16 ნოემბერი 2024,   12:26
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის სიტყვა სასამართლოზე: არ ვაღიარებ პროკურატურას და ქართულ მართლმსაჯულებას, აქ არ ვარ იმისთვის, რომ წინასწარ დაწერილი კომედიის ნაწილი ვიყო

მსჯავრდებული მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის არ აღიარებს პროკურატურასა და ქართულ მართლმსაჯულებას. ამის შესახებ მან 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა. 

სააკაშვილის განცხადებას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს:

"არ ვაღიარებ პროკურატურას და ქართულ მართლმსაჯულებას, აქ არ ვარ იმისთვის, რომ წინასწარ დაწერილი კომედიის ნაწილი ვიყო," - განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, მოსამართლეებმა სააკაშვილს მიმართეს, რომ ბრალდებულს უფლება აქვს, წყალი დალიოს. "ვითვალისწინებთ თქვენს ჯანმრთელობას" – განაცხადეს მოსამართლეებმა, რის შემდეგაც სააკაშვილმა მიმართა მათ - "მადლობა, ვაფასებ სიკეთეს".

აღსანიშნავია, პროცესის დაწყებისას დამსწრეებმა საქართველოს ჰიმნი ჩართეს, რასაც მოსამართლეების მხრიდან შენიშვნა მოჰყვა.

"ჰიმნის აკრძალვა? საქართველოს ჰიმნის ქვეშ, მე, რომელმაც შევქმენი ეს ჰიმნი, მე არ მინდა, ახლა კამათი," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

გარდა ამისა, ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლეებს შუამდგომლობით მიმართა, პროცესის გაშუქების შესაძლებლობა ყველა ტელევიზიას მიეცეს.

ცნობისთვის, დღევანდელი სხდომა მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპით გაგრძელდება. თუ კი მიხეილ სააკაშვილი დაკითხვას დათანხმდება, ბრალდების მხარე ამისთვისაც მზად არის. მესამე პრეზიდენტს 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. 7 ნოემბრის საქმეში მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალი წარდგენილი აქვთ, გიგი უგულავას, დავით კეზერაშვილს და ზურაბ ადეიშვილს. 

უკვე დამდგარი განაჩენების საფუძველზე, მას დაუსწრებლად, 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.

 

(ფოტო - საზოგადოებრივი მაუწყებელი)

დღის ამბები