დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე კორონავირუსის საფრთხეებიდან გამომდინარე საზოგადოებას პირბადის ტარებასა და ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
მისი თქმით, ახალი შემთხვევების რაოდენობა და კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება.
"ახალი შემთხვევები რჩება ძალიან მაღალ ნიშნულზე. ყველაზე მძიმე ინდიკატორი, როგორიც არის სიკვდილიანობა, კვლავ მაღალია. დეკემბერი ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და დავიცვათ ყველა რეკომენდაცია. ამ სირთულეს წელში გატეხავს მხოლოდ ორი რამ - პირბადის უნივერსალური ტარება, როგორმე უნდა გავზარდოთ და მეორე, მოგეხსენებათ, ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ვაქცინაციის ტემპის გაზრდა,"-აცხადებს ამირან გამყრელიძე.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 3 410 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov-ის ინფორმაციით, ვირუსს კიდევ 46 ადამიანი ემსხვერპლა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 732 პაციენტი.