გვიან ღამით, ქობულეთში ხმაური იყო. ციხისძირის მოსახლეობა მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილ სპეციალურ ადგილზე ციტრუსის გადამამუშავებელი საწარმოდან ნარჩენების დაყრას აპროტესტებდა.
მათი განცხადებით, ნარჩენებს სანიტარული ნორმების გვერდის ავლით ყრიან და იქიდან მომავალი ლპობის სპეციფიკური სუნი სუნთქვას ართულებს.
აქციის მონაწილეებმა, გვიან ღამით, ქარხნიდან ნარჩენების გამოტანის შესაძლებლობა მანქანებს არ მისცეს და გზა გადაკეტეს. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები, რომლებმაც აქციის მონაწილე 2 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის ენმ-ს წევრი ბონდო თედორაძეც არის.
ადგილობრივები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.
ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ სოფელ ციხისძირში ნარჩენების დაყრა ხორციელდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც მდებარეობს დასახლებული პუნქტიდან მოშორებით და არავითარი საფრთხე, ნარჩენების დაყრით, მოსახლეობას არ ექმნება.
"აღნიშნულ საკითხში ჩართულები ვართ ორივე მხარე. კომპანია უზრუნველყოფს ტერიტორიის შემოღობვას და ნარჩენების სტანდარტების შესაბამისად დამუშავებას. ყველა დეტალი შეესაბამება გარემოსდაცვით სტანდარტებს.
მოგეხსენებათ რეგიონში აქტიურად და შეუფერხებლად მიმდინარეობს ნარინჯისფერი რთველი.
მიმდინარე წელსაც ვაგრძელებთ მანდარინის სუბსიდირებას, რაც გულისხმობს საწარმოსგან და სახელფისოგან 10-10 თეთრის დაფინანსებას.
ჩვენი გუნდი აკეთებს ყველაფერს, რომ მანდარინის რთველი წარიმართოს სწორად და მაქსიმალურად მოხდეს მოსახლეობისგან რეალიზება.
ოპოზიციის ბრალდება არ შეესაბამება სინამდვილეს. აღნიშნული განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება,"-ნათქვამია მერიის წერილობით განცხადებაში.