15 წლის დავით კრავეიშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 16 წლის არასრულწლოვანი, რომელსაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავებიან, ადვოკატმა გოგა ბოგვერაძემ მოინახულა. უფლებადამცველის განცხადებით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი განზრახ მკვლელობას, რაზეც არის გამოძიება დაწყებული, არ აღიარებს აღნიშნულ ფაქტს. რაც შეეხება დეტალებს, საქმის მასალები როდესაც გადმომეცემა, უკვე შემეძლება საუბარი აღნიშნულთან დაკავშირებით. ვერ გეტყვით, ვერც გოგოსთან დაკავშირებულ მოტივს და ვერც სხვა მოტივს, იმიტომ რომ საქმის მასალებს არ ვიცნობ,"- ამბობს გოგა ბოგვერაძე.
შეგახსენებთ,რომ ამ ეტაპზე დაკავებულია ორი პირი, რომლებიც ასევე არასრულწლოვნები არიან, თუმცა ბრალდებულთა წრე, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს, რადგან ერთ-ერთი ვერსიით, სანზონაში მომხდარ კონფლიქტში 10-მდე პირი მონაწილეობდა. ჯერჯერობით, დაკავებულია 16 წლის არასრულწლოვანი, რომელსაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავებიან, ასევე 17 წლის მეორე ახალგაზრდა, რომელმაც, გამოძიების ვერსიით, დანაშაული დაფარა.