დღეს "კურიერმა" 15 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე მნიშვნელოვანი დეტალები გაარკვია. მათ შორის, ის რომ 15 წლის დავით კრავეიშვილს სახლთან, ჯერ ორნი დახვდნენ შემდეგ კი კონფლიქტი ლიახვის ქუჩაზე უკვე სხვა ადგილას გაგრძელდა და აქ, ჯამში, 10-მდე ახალგაზრდა იყო თავმოყრილი.
სადარბაზოდან გამოსულ 15 წლის მოზარდს, საქმის გასარჩევად საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ელოდებოდნენ .არასრულწლოვნებმა კარგად იცოდნენ, რომ დავით კრავეიშვილი ძაღლს ყოველ საღამოს ასეირნებდა.
"კურიერის" ექსკლუზიური ინფორმაციით, მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, 2 პირი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა და მოკლულის გამოსვლას აკონტროლებდა
დავით კრავეიშვილისა და მისი ნაცნობი არასრულწლოვნების შეხვედრა კორპუსში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირეს, ვიდეოჩანაწერები სამართალდამცველებმა უკვე ამოიღეს. "კურიერის" ინფორმაციით, კადრებში სავარაუდოდ სწორედ ის ორი მოზარდი ჩანს, რომელებიც სამართალდამცველებმა მკვლელობიდან მალევე , ცხელ კვალზე დააკავეს.
საცხოვრებელი კორპუსიდან დავით კრავეიშვილმა და მისმა ნაცნობებმა გზა ლიახვის ქუჩისკენ გააგრძელეს. გავრცელებული ინფორმაციით, საქმის გასარჩევად 15 წლის მოზარდი ე.წ "გარაჟებთან" მიიყვანეს.
სწორედ აქ დაიწყო სიტყვიერი დაპირისპირება მოკლულსა და სხვა მოზარდებს შორის, გავრცელებული ინფორმაციით კრავეიშვილმა თავის დაღწევა სცადა, თუმცა მას ათამდე პირი დაედევნა და რამდენიმე მეტრში, სკოლის ეზოს შესასვლელთან ფიზიკურად გაუსწორდნენ, სხეულზე დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს და ადგილიდან მიიმალნენ. დაჭრილი საავდმყოფოში გამვლელმა წაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მკვლელობის ოფიციალური ვერსია არ გავრცელებულა, ერთადერთი მიზეზი, რაზეც მკვლელობის დღიდანვე საუბრობენ, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ჩხუბია, რომელიც მეორე დღეს მკვლელობით დასრულდა.
დაკავებულ ორ მოზარდ უკვე იცავენ ადვოკატები, თუმცა საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე, დეტალებზე და მტკიცებულებებზე არ საუბრობენ. ცნობილია, რომ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებული ბრალს არ ეთანხმება და დუმილის უფლებას იყენებს.
საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, მიმდინარეობს გამოკითხვა ყველა იმ პირის, რომლებსაც, შესაძლოა, მომხდარზე რაიმე სახის ინფორმაცია ჰქონდეთ. ცნობილია, რომ პოლიციას ინციდენტში მონაწილე პირები უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და დანაშაულის დაფარვის მუხლით მიმდინარეობს.