26 აპრილი 2024,   17:49
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესი და მისი გაგრძელება დამოკიდებულია ოპოზიციის რადიკალური ნაწილის დღის წესრიგზე - გურამ მაჭარაშვილი

"ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ოპოზიციის ქმედებაზეა დამოკიდებული და კონსულტაციების დაწყება მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც ოპოზიციის სრული შემადგენლობა ჩაერთვება საპარლამენტო ცხოვრებაში.

მმართველ გუნდში, ასევე, აცხადებენ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების გამო, მასში შესული პუნქტების შესრულების ვალდებულება არ აქვთ, თუმცა კონსულტაციებისთვის მზად არიან.

"შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულია, შესაბამისად, პოლიტიკურ ჯგუფებს აღარ აქვთ ვალდებულება, აღასრულონ ის, რაც ეწერა იმ დოკუმენტში. მიუხედავად ამისა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დისკუსიისთვის "ქართული ოცნება" მზად არის, ოღონდ ამას სჭირდება ოპოზიციის ძალიან დიდი ნაწილის წარმოდგენა პარლამენტში, რასაც ისინი, ჯერჯერობით, არ აკეთებენ და ჯერჯერობით, ამ დისკუსიაში არ შემოდიან,"- აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი ბექა დავითულიანი.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესი და მისი გაგრძელება დამოკიდებულია ოპოზიციის დღის წესრიგზე, მმართველი პარტია მათ პარლამენტში შესვლას და პოლიტიკურ პროცესებში სრულად ჩართვას ელოდება:

"როდესაც გონს მოეგებიან, მოვლენ მთავარ პოლიტიკურ ორგანოში და ნორმალურად პოლიტიკურ პროცესებში მიიღებენ მონაწილეობას, არამხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებებთან, არამედ ნებისმიერ სხვა საკითხთან დაკავშირებით, ბუნებრივია, რომ კონსულტაციები შეიძლება გაგრძელდეს. ასე რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესი და მისი გაგრძელება დამოკიდებულია ოპოზიციის რადიკალური ნაწილის დღის წესრიგზე," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები