16 ნოემბერი 2024,   10:34
ვრცლად
რას ამბობენ ისტორიკოსები მე-9 კლასის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფიის შეტანაზე - საკითხზე პოლიტიკური დავა გრძელდება 

პოლიტიკური დაპირისპირება მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს ირგვლივ გრძელდება. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ დღეს წიგნში მოყვანილ პოლიტიკურ აქტორებზე ვრცლად ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, ისტორიული მოვლენების მხოლოდ ქრონოლოგიურად დალაგება საკმარისი არ არის. პოლიტიკოსის აზრით, აუცილებელია მოსწავლეებმა რეალური ისტორია იცოდნენ, სადაც მისი თქმით, "ნაცმოძრაობის" მმართველობა ობიექტურად იქნება შეფასებული. ირაკლი კობახიძემ დღეს ოპოზიციის იმ კრიტიკასაც უპასუხა, რომელიც მათი მხრიდან წიგნში ბიძინა ივანიშვილის როგორც ქველმოქმედის შეტანას მოჰყვა.

ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ წიგნში მოყვანილი ისტორიული ფაქტები პროპაგანდისტულია და თანამედროვე ეპოქის საქართველოს აღწერის დროს - ისტორიულ მოვლენას, მხოლოდ, ვარდების რევოლუცია წარმოადგენს.

ოპონენტების შეხედულებას დაუსაბუთებელს უწოდებენ მმართველ გუნდში. "ქართული ოცნების" წევრებმა დღეს 2012 წლის პოლიტიკური პერიპეტიები და ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

მმართველი გუნდის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ისტორიის გადაწერას ცდილობს, რაც ლოგიკურ ჩარჩოებს სცდება. ისტორიული ძეგლების აღდგენა, აბასთუმნის, წყალტუბოს, ხიბულას და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების რეაბილიტაცია, სამეცნიერო კვლევების დაფინანსება, - ეს იმ საქმეების მხოლოდ მცირე ნაწილია, რაშიც დეპუტატების თქმით, ივანიშვილმა საკუთარი სახსრებიდან 3 მილიარდი დოლარი გაიღო და უპრეცენდენტო ქველმოქმედების მაგალითი აჩვენა.

ისტორიის სახელმძღვანელოს ირგვლივ დაწყებულ კამათს განათლების მინისტრიც გამოეხმაურა. ივანე ჩხენკელის განმარტებით, წიგნს ავტორიზაცია პროფესიონალებით დაკომპლექტებულმა კომისიამ მიანიჭა, შესაბამისად სტანდარტების დარღვევაზე საუბარი სპეკულაციურია.

როგორ და რა ფორმით უნდა მოხდეს თანამედროვე ისტორიული მოვლენების აღნუსხვა და სახელმძღვანელო ტექსტად ქცევა - ამ კითხვაზე დღეს პასუხი ისტორიკოსებმაც გასცეს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ქვეყნის თანამედროვე ისტორია ბიძინა ივანიშვილის გარეშე რეალობასთან ახლოს ვერ იქნება. პროფესიონალების თქმით, ივანიშვილის საქველმოქმედო საქმიანობის ათასობით ფაქტობრივი მტკიცებულების ნიველირება ობიექტურად შეუძლებელია.

საქართველოს ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოს ირგვლივ პოლიტიკური შეფასებები რამდენიმე დღეა კეთდება. წიგნში ყველა იმ პოლიტიკურ ფიგურაზე და მოვლენაზეა საუბარი, რამაც ქვეყნის უახლეს ისტორიაში საკუთარი წვლილი შეიტანა.

დღის ამბები