საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსს, პოლიციის გენერალ-მაიორ ვაჰე ღაზარიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე. აღინიშნა საქართველოსა და სომხეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა, ასევე, პარტნიორობა ტრანსნაციონალური დანაშაულისა და უსაფრთხოების სხვა გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.
შეხვედრისას, საუბარი შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმატებულ მედიაციას, რომლის შედეგადაც, სომხეთის 15 მოქალაქე გათავისუფლდა, ხოლო აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორიების შესახებ მნიშვნელოვანი რუკები გადაეცა. მთავრობის მეთაურმა გამოთქვა მზაობა შემდგომი აქტიური თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს დიალოგს, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.
საუბრისას, ასევე ხაზი გაესვა ხალხთა შორის არსებული მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების ხანგრძლივ ისტორიას და პარტნიორობის შემდგომი გაფართოების პერსპექტივებს.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ესწრებოდა.