მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი, რომელიც შიმშილობის შემდგომ სარეაბილიტაციო მკურნალობას გორის ჰოსპიტალში გადის, კვლავ წონაში იკლებს. გიული ალასანიას მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილს მკურნალობა შესაბამის კლინიკაში, შესაბამისი სპეციალისტების მიერ უნდა ჩაუტარდეს.
"ვხედავ წონის კლებას, ამას ნამდვილად ვერავინ უარყოფს და სწორედ ესაა, რომ არ მომწონს. გამოსავალს ვხედავ გასვლაში და შესაბამის მკურნალობაში. მივცეთ საშუალება ამ ადამიანს, რომ გავიდეს და მოთავსდეს ისეთ კლინიკაში, სადაც ამის გამოცდილება აქვთ და ჰყავთ შესაბამისი პროფესიონალები," - აცხადებს გიული ალასანია.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამაც, რომელიც გორში ექსპრეზიდენტის მოსანახულებლადაა ჩასული:
"როდესაც წინა ჯერზე მე ის მოვინახულე, სამწუხაროდ ძალიან სუსტად იყო ფიზიკურად და ძალიან შემაშფოთა, იმედი მაქვს რომ ამ თვალსაზრისით რაიმე გაუმჯობესება იქნება, თუმცა ალბათ უსაფუძვლოა ეს იმედი, იმიტომ რომ ექიმები პირიქით ვერ საუბრობენ გაუმჯობესებაზე და შესაძლებელია გაუარესებაზეც იყოს საუბარი," - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.