16 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
"ყველა მხარე, ვინც გაემიჯნება ამ პროცესს, პოლიტიკურად უკიდურესად დაზარალდება" - ოპოზიციაში პრეზიდენტთან შეხვედრას აფასებენ

პოლიტიკურ მხარეებს შორის შეხვედრა, რომელიც, პრეზიდენტის ინიციატივით ორბელიანების სასახლეში შედგა და რომელმაც, საბოლოოდ ეროვნული თანხმობა უნდა მოიტანოს, ოპოზიციაში შეაფასეს. ოპოზიციაში ეროვნული თანხმობის მიღწევის პერსპექტივას სკეპტიკურად უყურებენ, თუმცა გამოსავალს სწორედ პროცესის დაწყებაში ხედავენ. 

ოპოზიციონერი დეპუტატი დავით ბაქრაძე იმედოვნებს, რომ ამ პროცესის შემდეგი ნაბიჯები მეტად ნაყოფიერი იქნება

"მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი დღეს საკმაოდ ადეკვატური იყო, ამიტომ დღეს მე არ მინდა კარი დავხურო, არ მინდა ვთქვა, რომ ეს იყო საბოლოო, რაც მოვისმინეთ. არა, ეს იყო დასაწყისი. იმედი მაქვს, რომ შემდეგ უკვე, როდესაც შედგება ჩვენი შეხვედრები, დეტალურად გავივლით ყველაფერს. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ სანამ პოლიტიკური ლიდერები იმყოფებიან ციხეში ან დაჭერის საფრთხის ქვეშ, ეროვნული შერიგება და თანხმობა, რა თქმა უნდა, ვერ შედგება,"- აცხადებს დავით ბაქრაძე.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ეროვნულ თანხმობამდე მისვლა საკმაოდ რთული იქნება და ამისთვის, თავდაპირველად, ერთმანეთის მოსმენის სწავლაა საჭირო.

"ქართული ოცნების" დამოკიდებულება საჯარო სივრცეში უფრო სკეპტიკურს მხდის შეთანხმების მიმართ, თუმცა არასაჯარო სივრცეში, თითქოს გაცილებით მონდომებულები არიან, რომ რაღაც გამოსავალი მოიძებნოს,"- აცხადებს ვაშაძე. 

ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი კი, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს. 

"ყველა მხარე, ვინც გაემიჯნება ამ პროცესს, რომელიც შეიძლება მართლაც აღმოჩნდეს გამოსავალი ჩვენი ქვეყნისთვის, პოლიტიკურად უკიდურესად დაზარალდება,"-აცხადებს სამადაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები