16 ნოემბერი 2024,   10:39
ვრცლად
"ეგოიზმი და არა ლიდერობა" - "ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ მასობრივი შიმშილობის აქციით შერიგების თემა დაიხურა

მმართველ გუნდში "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას მასობრივი შიმშილობის აქციის შესახებ მორიგ პროვოკაციას უწოდებენ. 

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე დარწმუნებულია, რომ მხარდამჭერებს შიმშილობის დაწყებისკენ თავად მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა. 

"მისმა მხარდამჭერებმა იშიმშილონ, მიმაჩნია, რომ ეს არის მორიგი პროვოკაცია. დაბადების დღეზე მისულ სტუმრებს რომ შიმშილობას დააწყებინებ, ალბათ, ყველამ ვიცით ეს რას ნიშნავს. რაც შეეხება შიმშილობის მოთხოვნას - წარმოუდგენელია, რომ ამ ფორმით ვინმემ ქვეყანაში მართლმსაჯულებას თავი დააღწიოს. როდესაც შენ ხარ ჰოსპიტალში, იღებ საუკეთესო სამედიცინო მომსახურებას და შენს მიმართ ყველა პირობა უზრუნველყოფილია, ხოლო ზამთარში, პანდემიის პირობებში შენს მხარდამჭერებს მოუწოდებ შიმშილობისკენ, ეს არის ეგოიზმი და არა ლიდერობა, თუმცა, ცხადია, ყოველთვის ვიცოდით, რომ სააკაშვილი ამ ტიპის ლიდერი გახლდათ,"-აცხადებს არჩილ თალაკვაძე. 

მმართველი გუნდის კიდევ ერთი წევრი შალვა პაპუაშვილი კი მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად, ეროვნული თანხმობის მიღწევისა თუ შერიგების თემა დაიხურა. 

"იმით, რომ მიხეილ სააკაშვილმა აიძულა მხარდამჭერები შიმშილობა გამოეცხადებინათ, თავად დახურა შერიგების თემა, რომელიც, თითქოს, თავად წამოიწყო და კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეს იყო კიდევ ერთი ფარისევლობა "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან. რა შერიგებასა და თანხმობაზეა საუბარი, როდესაც პირდაპირ შანტაჟის ენით საუბრობენ, შიმშილობას აცხადებენ და მიდიან რადიკალურ ზომებზე. შიმშილობის გამოცხადებით მათ, ფაქტობრივად, უარი განაცხადეს იმ ფორმატზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა შესთავაზა და ერთის მხრივ კი, გამოთქვამენ მზაობას მასთან შეხვედრაზე, მეორეს მხრივ კი აშანტაჟებენ, რომ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი,"- აცხადებს პაპუაშვილი. 

დღის ამბები