კახეთში მომხდარი მკვლელობა სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე გახსნეს. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ცეცხლსასროლი იარაღით 3 ძმას ესროლეს, ორი მათგანი ადგილზევე დაიღუპა, მესამემ კი თავის გადარჩენა მოახერხა. მან მომხდარის დეტალებზე "კურიერთან" ისაუბრა.
ძმები წლების განმავლობაში რუსეთში იმყოფებოდნენ და სოფელში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდნენ. შემთხვევა მოკლულების სახლთან იმ დროს მოხდა, როცა ისინი ნათესავის ქორწილში მიდიოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მკვლელობის მოტივად წარსულში დაწყებული კონფლიქტი სახელდება.
ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღიც. ბრალდებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
"არანაირი კონფლიქტი არ გვქონია, 30 წელია ერთად ვატარებდით დროს, მეზობლებმა ქორწილში დაგვპატიჟეს. სამი ძმა ვართ, ერთად წავედით, მანქანა გააჩერა, გადმოვიდა, ავტომატი გადმოიღო და სროლა დაგვიწყო. ჩემი ერთი ძმა გაიქცა, მეორე ადგილზევე დარჩა, მეც მესროდა, თუმცა მე მანქანიდან გადმოსვლა მოვასწარი და დავვარდი", - მოკლულების ძმა ელმან უსუფოვი.