მეორე დღეა საქართველოს პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში ეროვნული შერიგების მიზნით, პოლიტიკურ ლიდერებთან შეხვედრებს აგრძელებს. საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ თუ არ დაიწყება მოლაპარაკებები, ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება.
პროცესი რომ რთული და გრძელვადიანი იქნება, ამას თავად პოლიტიკოსების განსხვავებული პოზიციები და განწყობები მოწმობს.
შეთანხმების იდეა მისაღებია მმართველი პარტიისთვის. თუმცა "ქართულ ოცნებას" საკუთარი წინაპირობა აქვს. სახელისუფლებო ძალის ლიდერების შეფასებით, წარსულისა და კონკრეტული ოპოზიციური პარტიის მიერ დაშვებული შეცდომების გაანალიზების გარეშე, თანხმობის მიღწევა შეუძლებელი იქნება.
პროცესი, რომლის მიზანი ეროვნული შეთანხმების მიღწევაა, მხოლოდ პარტიულ სივრცეში არ უნდა ჩაიკეტოს - ასეთია პრეზიდენტის ჩანაფიქრი. სწორედ ამიტომ სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, არამარტო პარტიების, არამედ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც ხვდება.
ეროვნული თანხმობა კონკრეტულ პერსონალიებზე რომ არ გადის - ეს დღეს პარტია საქართველოსთვის ლიდერმაც თქვა, გიორგი გახარია ხანგრძლივი პასუხის შემდეგ დღეს მედიასთან გამოჩნდა. საპატრიარქოდან გამოსულმა ყოფილმა პრემიერ მინისტრმა თქვა რომ პრეზიდენტის ინიციატივის განხორციელებაში მისი პარტიაც ჩაერთვება.
ჯერ მონანიება - შემდეგ შერიგება, მმართველი პარტია მხოლოდ ამ შემთხვევაში ხედავს სამოქალაქო თანხმობის განხორციელების შესაძლებლობას. "ქართული ოცნების" წევრები ამბობენ, რომ ულტიმატუმების დაყენებით ოპოზიციის ნაწილი პროცესს ჩრდილს აყენებს.
პრეზიდენტის სასახლეში პოლიტიკოსებთან ინდივიდუალური შეხვედრები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.