16 ნოემბერი 2024,   11:42
ვრცლად
ბათუმის საკრებულომ თავმჯდომარის არჩევა ვერ შეძლო - სხდომაზე მხოლოდ ოპოზიცია მივიდა და კვორუმი არ შედგა

ბათუმის საკრებულო დღეს თავმჯდომარის არჩევას შეეცადა, თუმცა კვორუმის არარსებობის გამო სხდომა ისევ ჩაიშალა. წარმომადგენლობით ორგანოში მხოლოდ ოპოზიციური პარტიების დეპუტატები მივიდნენ, "ქართული ოცნების" წევრები კი არ გამოცხადდნენ. კვორუმს 18 დეპუტატი სჭირდება ოპოზიციას კი მხოლოდ 16 ჰყავს

"ვერ წარმოვიდგენდით, რომ "ქართული ოცნება" ბოიკოტს გამოუცხადებდა სხდომას, სადაც საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის საკითხია დღის წესრიგში და მეორე საკითხია იმ ბიუჯეტის არცნობა, რომელიც მიიღო წინა მოწვევის საკრებულომ. "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა ჩიხში შეიყვანოს ბათუმის საკრებულოს მუშაობა," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნოდარ დუმბაძე.

"ქართული ოცნების" ამ ქმედებას უპრეცედენტოს უწოდებენ გახარიას პარტიაში. საკრებულოს წევრი პარტია "საქართველოდან" აკაკი გვიანიძე ამბობს, რომ მისი პოლიტიკური ძალა დამბალანსებლის როლს შეასრულებს თვითმმართველობის ისეთ ორგანოებში სადაც უმრავლესობა არცერთ მსხვილ პოლიტიკურ ძალას არ აქვს და არ აპირებენ სისტემური კოალიცია შექმნან ვინმესთან.

ბათუმის საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან თენგიზ აფხაზავა პროვოკაციულს უწოდებს უკვე მიღებული ბიუჯეტის ბათილად ცნობის საკითხის დღის წესრიგში შეტანას და აცხადებს, რომ მისმა პოლიტიკურმა ძალამ არ ისურვა პროვოკაციაში მონაწილეობა. მიიღებენ თუ არა შემდგომ სხდომაში მონაწილეობას, აფხაზავა ამბობს, რომ ისინი ამ გადაწყვეტილებას მსჯელობის შემდეგ მიიღებენ.

"მათ დღის წესრიგში შეიტანეს 2022 წლის ბიუჯეტის ბათილად ცნობის საკითხი, რითაც დაადასტურეს, რომ არიან ქალაქის განვითარების და წინსვლის მოწინააღმდეგეები, ეს იყო დაგეგმილი პროვოკაციული აქცია ქალაქის საწინააღმდეგოდ, რომელშიც ჩვენ მონაწილეობა არ მივიღეთ, ჩვენგან არაერთხელ იყო წინადადება კონსტრუქციული დიალოგის შესახებ, მაგრამ მათგან შემხვედრი ნაბიჯები არ ყოფილა. კიდევ რომ მოიწვიოს ოპოზიციამ სხდომა, მაშინ შეიკრიბება ჩვენ ფრაქცია და მაშინ განვიხილავთ, რამდენად ღირს, ამა თუ იმ სხდომაში მონაწილეობა," - განაცხადა თენგიზ აფხაზავამ.

დღის ამბები