16 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
"ჩვენი რეკომენდაციაა, ეს ნაჩქარევი პროცესი შენელდეს და რეორგანიზაცია იყოს ინკლუზიური" - კელი დეგნანი ლონდა თოლორაიას შეხვდა

სახელმწიფო ინსპექტორი ამერიკის ელჩს შეხვდა. ლონდა თოლორაიას მიზანი იყო კელი დეგნანისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია კანონპროექტზე, რომელიც პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. სახელმწიფო ინპექტორის სამსახურის ლიკვიდაცია და სადამსჯელო ღონისძიება - ასეთია თავად სამსახურის ხელმძღვანელის შეფასება ცვლილებაზე, რომლის მიზნად "ქართული ოცნება" საპირისპიროს ასახელებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კანონპროექტის გათვალისწინებით დამოუკიდებელი ინსტიტუტი არათუ უქმდება, არამედ ძლიერდება და ორ სტრუქტურად ყალიბდება.

"ახალი კანონმდებლობა, რომელიც ამ უწყების გაყოფას გულისხმობს, სამწუხაროდ, ყოველგვარი გამჭირვალობის და კონსულტაციების გარეშე შეიქმნა, მაშინ, როცა არ იყო საჭიროება, რომ ეს პროცესი წარმართულიყო ნაჩქარევად. სახელმწიფო ინსპექტორმა თქვა, რომ მისმა ოფისმა პარლამენტს შეთავაზება წარუდგინა აღნიშნული ოფისის გაძლიერების შესახებ. ამ კანონმდებლობის განხილვა არ მომხდარა. ეს ახალი კანონი შეიცავს ისეთ რეგულაციას, რაც გულისხმობს თანამშრომლების გათავისუფლებას მარტის თვეში, მაშინ, როცა ამ ადამიანების მიმართ არანაირი საჩივარი არ ყოფილა, ისინი ექსპერტები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში კეთილსინდისიერად ასრულებდნენ თავიანთ სამუშაოს, არ არსებობდა მათ ირგვლივ კითხვები, ძალიან სამწუხარო იქნება, თუ თავიანთ მუშაობას ვერ გააგრძელებენ. ჩვენი რეკომენდაციაა, ეს ნაჩქარევი პროცესი შენელდეს და თუ რეორგანიზაცია მოხდება, იყოს ეს ინკლუზიური და გათვალისწინებული იყოს რეალური შეთავაზებები, რაც ამ სამსახურის გაძლიერებისკენ იქნება მიმართული," - განაცხადა კელი დეგნანმა. 

ლონდა თოლორაიას განცხადებით, ელჩმა დიდი მხარდაჭერა გამოხატა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისადმი. 

"შევხვდით ამერიკის ელჩს, რომელსაც მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ მოხდა კონსპირაციულად აღნიშნული კანონპროექტის შემუშავება სახელმწიფო ინსტიტუტის ჩართულობის გარეშე, როგორ გაიგო ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მედიისგან ინფორმაცია. ძალიან მიხარია, რომე ამერიკის ელჩმა გამოხატა ძალიან დიდი მხარდაჭერა სამსახურისადმი,"- აცხადებს თოლორაია. 

დღის ამბები