04 მაისი 2024,   19:58
ვრცლად
ნიკო კვარაცხელიას საქმეში ერთ-ერთმა ბრალდებულმა განზრახ მკვლელობა აღიარა - არ არის გამორიცხული, რეზონანსულ საქმეზე განაჩენი ნაფიცმა მსაჯულებმა გამოიტანონ

ვერაზე მოკლული ახალგაზრდის, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, თუმცა არა ჯგუფურს. აკო ჭელიძემ დღეს სასამართლოზე თქვა, რომ მარტო მოქმედებდა და შემთხვევის ადგილას თანმხლები პირი არ ჰყოლია.

აკო ჭელიძე რომ მარტო მოქმედებდა, დაადასტურა მასთან ერთად დაკავებულმა კიდევ ერთმა ბრალდებულმა, დავით კავილაძე ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას კატეგორიულად უარყოფს, გამოძიებას კი უნდობლობას უცხადებს. ის მიიჩნევს, რომ დამნაშავეა მხოლოდ ერთ ეპიზოდში, როდესაც სამართალდამცველებს ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის შესახებ ინფორმაცია დროულად არ მიაწოდა.

ამასთან, მხარეებმა საქმეში არსებულ და დამატებით მოპოვებულ მტკიცებულებებზე იმსჯელეს. გიორგი კავილაძის ინტერესების დამცველს შუამდგომლობაც ჰქონდა. ადვოკატის თქმით, გარემოებებიდან გამომდინარე არ არსებობს მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინასწარ ორთვიან პატიმრობაში დატოვების აუცილებლობა, თუმცა შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

2 საათიანი სხდომის დასრულების შემდეგ მხარეებმა განმარტებები საქმეზე უკვე ჟურნალისტებთან გააკეთეს. გიორგი კავილაძის ინტერესების დამცველი ფიქრობს, რომ ბრალდებას  საქმეში არსებული მტკიცებულებებით მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობის დამტკიცება გაუჭირდება. საპირისპირო პოზიცია ჰქონდა პროკურორს.

22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმე საკმაოდ მოცულობითია, საქმეში დევს ექსპერტიზის პასუხები, ჩვენებები, ფოტო და ვიდეო მასალები - არის თუ არა ეს საკმარისი დაკავებულების ბრალეულობის დასამტკიცებლად, სასამართლო სხდომებზე გაირკვევა. არ არის გამორიცხული, რეზონანსულ საქმეზე განაჩენი ნაფიცმა მსაჯულებმა გამოიტანონ.

კავილაძეს და ჭელიძის წინააღმდეგ კი გამოძიება ჯგუფურად განზრახ მკვლელობას და ასევე ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებაზე მიმდინარეობს.

გამოძიების ინფორმაციით, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მიმართ, ანჯაფარიძის ქუჩაზე 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, ამის შემდეგ კი დამნაშავეებმა ტერიტორია დატოვეს და მიიმალნენ.

დღის ამბები