20 ნოემბერი 2024,   13:36
ვრცლად
დღეისთვის ლაბორატორიულად ომიკრონის 148 შემთხვევაა დადასტურებული - თამარ გაბუნიას თქმით, ჰოსპიტლები დამატებითი ნაკადების მართვას შეძლებენ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ მოსალოდნელია ომიკრონის შემთხვევების მატება. რაც შეეხება კლინიკურ სექტორს, მინისტრის მოადგილის განმარტებით, საწოლფონდის 50% არის თავისუფალი.

"მოსალოდნელია ომიკრონის შემთხვევის მატება, დღეისთვის დადასტურებულია 148 ლაბორატორიული შემთხვევა ომიკრონის, როცა სხვა ქვეყნების გამოცდილება მიუთითებს იმაზე, რომ ომიკრონის გავრცელების შესაძლებლობები და სისწრაფე გაცილებით მაღალია, ვიდრე დელტა შტამის შემთხვევაში. გამომდინარე აქედან, კიდევ უფრო საყურადღებოა ვაქცინაციის ტემპის გააქტიურება.

მობილიზებული რჩება კლინიკური სექტორი. დღეისთვის არ არის დატვირთვა მაღალი, თითქმის 50% საწოლების არის თავისუფალი. გამომდინარე აქედან, თუ კი საჭირო გახდება დამატებითი ნაკადის მართვა, ჰოსპიტალურ სექტორს ამის შესაძლებლობა აქვს," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

სპეციალისტები არ გამორიცხავენ იმას, რომ დღევანდელი შემთხვევები მეექვსე ტალღის დასაწყისი იყოს. მათივე განმარტებით, ომიკრონს ძირითადად ახასიათებს გავრცელება და არ ახასიათებს ავთვისებიანი მიმდინარეობა. ეპიდემიოლოგების თქმით, ის ძალიან ხშირად იცვლის სახეს, ამიტომ ომიკრონის შტამის ე.წ. კეთილთვისებიანობაზე დარწმუნებით ვერ ისაუბრებენ.

რაც შეეხება კოვიდის ბოლო მონაცემებს, კორონავირუსს კიდევ 67 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გამოვლინდა ვირუსის 3590 ახალი შემთხვევა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1955 პაციენტი.

დღის ამბები