მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. სხდომათა დარბაზში ხმაურია. მამუკა ხაზარაძე სასამართლო დარბაზიდან გააძევეს.
სასამართლო პროცესი საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს. მამუკა ხაზარაძესა და ბრალდების მხარეს შორის მცირე შელაპარაკებასაც ჰქონდა ადგილი.
მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული და სამართლებრივი სარჩული არ გააჩნია.
საპასუხოდ, ბრალდების მხარემ უკვე წარმოთქვა სიტყვა. პროკურორის თქმით, ყველა მტკიცებულება არსებობს, რათა აღნიშნულ საქმეზე ხაზარაძე-ჯაფარიძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს.
"შენ გგონია ციხეში წასვლის მეშინია?! ყველაფერი მოსულა აქ? ეს არის მარაზმი, ბიძინას მონები ხართ თქვენ," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სისხლის სამართლის საქმე 2019 წლის ივლისში აღიძრა. მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები უკვე თითქმის 3 წელია რაც მიმდინარეობს.
მოსამართლემ სწორედ დღეს უნდა გამოიტანოს განაჩენი. სასამართლო პროცესი თითქმის 1 საათზე მეტია, რაც მიმდინარეობს.