26 აპრილი 2024,   20:27
ვრცლად
"არ ვვარაუდობ, რომ პუტინი უკრაინას ოლიმპიადის დროს დაესხმება თავს, როგორც ეს საქართველოს შემთხვევაში მოხდა" - ენტონი ბლინკენი

უკრაინა რუსეთის მხრიდან აგრესიის მოლოდინშია. იგივეს ელის დასავლეთიც. უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიული ქმედებების განხილვის მიზნით, მსოფლიო ლიდერები შეხვედრებს მართავენ.

რუსეთის მხრიდან სამხედრო მოქმედებების საფრთხის გამო, უკრაინას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომელთა ოჯახის წევრები დატოვებენ. შესაბამისი განკარგულება სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოსცა. ამერიკამ მოგზაურობისთვის უკრაინა საფრთხის შემცველ უმაღლეს, მეოთხე კატეგორიაში შეიყვანა.

"არ ვვარაუდობ, რომ პუტინი უკრაინას ოლიმპიადის დროს დაესხმება თავს, როგორც ეს საქართველოს შემთხვევაში მოხდა. მე ვფიქრობ, რომ რუსეთი მიიღებს თავის გადაწყვეტილებებს პრეზიდენტ პუტინის გაანგარიშების საფუძველზე, თუ რა არის მათ ინტერესებში. თუ არის აგრესია, იქნება მასშტაბური შედეგები. ასე რომ, არჩევანი მისია.

თუ ერთი დამატებითი რუსული ძალაც კი უკრაინაში აგრესიული გზით შევა, ეს გამოიწვევს სწრაფ, მკაცრ და ერთიან პასუხს ვაშინგტონისა და ევროპისგან. აშშ და ევროპა ყველა სახის სცენარს განიხილავს და მასზე რეაგირებისთვის ემზადება," - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინდელ განცხადებას ეხმაურება უკრაინელი პოლიტიკოსი ევგენი მურაევი​. საუბარია გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, რუსეთი კიევში პრორუსული ლიდერის დანიშვნას ცდილობს. ბრიტანეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პირი უკრაინელი პოლიტიკოსი ევგენი მურაევი იქნება.

თავად ევგენი მურაევი გავრცელებულ ინფორმაციას სასაცილოს და აბსურდს უწოდებს. მისივე განმარტებით, ის 2018 წლის 1 ნოემბრიდან რუსეთის ფედერაციის სანქციების ქვეშ იმყოფება და ქვეყანაში შესვლა ეკრძალება. როგორც უკრაინელი პოლიტიკოსი აცხადებს, ბრიტანეთის საგარეო უწყებას აღნიშნული ბრალდებისთვის სასამართლოში უჩივლებს.

"ცხადია ყველაფერი სასაცილოდ გამოიყურება. ჯერ ერთი, უსაფუძვლოა, ისევე როგორც ყველაფერი, რასაც ბრიტანეთი აკეთებს. მეორეც, აბსურდია, რადგან 2018 წლის 1 ნოემბრიდან ვარ რუსეთის ფედერაციის სანქციების ქვეშ. მე მეკრძალება შესვლა რუსეთში. წარმოვადგენ საფრთხეს რუსეთის უსაფრთხოებისთვის. ამას მხოლოდ დისკრედიტაცია შემიძლია ვუწოდო და რა თქმა უნდა, ამ ბრალდებისთვის სასამართლოს მივმართავ.

უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტია გაწევრიანდებიან თუ არა NATO-ში. პრეზიდენტმა ზელენსკიმ შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯო ბაიდენს მისცა უფლება შუამავალი ყოფილიყო NATO-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებში, მაგრამ ფაქტობრივად არ არსებობს შუამავლები. არის ორი ადამიანი ზელენსკი და ბაიდენი, რომლებიც ჰყოფენ სამყაროს, ჩვენ კი ამ განცალკევების ტყვეები ვართ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის დანაშაული და ეროვნული ინტერესების დათმობა. მე მიმაჩნია, რომ ეს არის პრეზიდენტის სუსტი პოზიცია, რომელსაც ქვეყნის 73%-მა მისცა ხმა," - განაცხადა ევგენი მურაევმა.

დღის ამბები