რუსეთის მხრიდან ადგილზე დეესკალაციას ჯერ ვერ ვხედავთ, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
იენს სტოლტენბერგი იმედოვნებს, რომ რუსეთი ჩაერთვება დიალოგში და კონფრონტაციის ნაცვლად დიპლომატიას აირჩევს.
"ჩვენ მოვისმინეთ გარკვეული ნიშნები მოსკოვის მხრიდან, დიპლომატიური ძალისხმევისთვის მზადყოფნის თაობაზე, რაც ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. თუმცა ამ დრომდე ადგილზე დეესკალაციის ნიშნები არ გვინახავს. პირიქით, ვხედავთ რომ რუსეთი აგრძელებს სამხედრო ძალების მობილიზებას. ვაკვირდებით მათ ქმედებებს, თუ ისინი დაიწყებენ ჯარების გაყვანას, ამას მივესალმებით მაგრამ ჯერ ეს უნდა დავინახოთ.
ამავდროულად, ჩვენ არ მიგვიღია წერილობითი პასუხი იმ წინადადებებზე, რომელიც მოსკოვში გავგზავნეთ. გავაგრძელებთ მოსკოვისთვის გზავნილების მიწოდებას,რომ მზად ვართ მათთან დასასხდომად და სალაპარაკოდ,თუმცა ამავდროულად უარესისთვის მზად ვართ. თუ რუსეთი კიდევ ერთხელ შეიჭრება უკრაინაში, ისინი გადაიხდიან მაღალ ფასს.
ჩვენ ვაგრძელებთ იმაზე მუშაობას, რომ რუსეთისთვის აგრესია რთული გავხადოთ. იმედი გვაქვს, რომ რუსეთი ჩაერთვება აზრიან დიალოგში და კონფრონტაციას დიალოგს არჩევს. დავამატებ, რომ ეს მინისტერიალი ფოკუსირებული იქნება ევროპის უსაფრთხოების კრიტიკულ საკითხებზე, ასევე, შევხვდებით უკრაინელ და ქართველ კოლეგებს და დავუდასტურებთ მათ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების მხარდაჭერას," - განაცხადა სტოლტენბერგმა.