46 გარდაცვლილი და 15 644 ინფიცირებული - ბოლო დღეების მონაცემებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დადებითი დინამიკისკენ მიემართება, მაგრამ ლეტალობის მაჩვენებელი მაინც მაღალი რჩება.
ეპიდემიოლოგები ვაქცინააციის პროცესის გააქტიურების აუცილებლობაზე საუბრობენ და მოსახლეობას ისევ რეგულაციების მკაცრი დაცვისკენ მოუწოდებენ.
"ომიკრონის" ტალღამ დაიწყო დაღმასვლა, ასევე აღინიშნება დადებითობის მაჩვენებლის მცირედი კლებაც. ჩვენ კვირის ბოლომდე უნდა ვნახოთ ეს ტენდენცია რა მიმართულებით წავა, სამშაბათი არის ის ნიშნული, როცა ჩვენ ვაფასებთ რა მიმართულებით ვითარდება ეპიდემია და უკვე მომდევნო კვირიდან გვექნება იმის საშუალება, რომ ვთქვათ რამდენად არის პიკი უკვე გადავლილი.
ვაქცინაციის პროგრამა ამ ეტაპზე შედარებით უფრო შენელებულია, რაც შესაძლოა აიხსნას "ომიკრონის" ძალიან აქტიური გავრცელებით. ბევრი ადამიანი მიმდინარე პერიოდში დაინფიცირდა და შესაძლებელია, რომ მათ ამის გამო გადაწყვეტილება შეცვალეს ვაქცინაციის თაობაზე, თუმცა სამომავლოდ ვაქცინაციის პროგრამა ისევ და ისევ რჩება მთავარ პრიორიტეტად," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
რაც შეეხება ბავშვთა ინფიცირებას, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორის დავით რეხვიაშვილის განცხადებით, კლინიკაში მომართვიანობა, წინა დღეებთან შედარებით, შემცირებულია.
მედიკოსის თქმით, მდგომარეობა სტაბილურობისკენ შეიცვალა. მისივე განმარტებით, თუ კოვიდპაციენტს არ აღენიშნება თანმხლები მძიმე დაავადებები, ჰოსპიტალიზაცია 2-3 დღეზე მეტი არ გრძელდება და პაციენტი ონლაინ კლინიკის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ბინაზე განაგრძობს მკურნალობას.