26 აპრილი 2024,   23:16
ვრცლად
ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების აღიარებამდე 1 ნაბიჯი რჩება - მოსკოვში საბჭოს სხდომაზე პუტინმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას დღესვე მიიღებს

ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომა გაფართოებული შემადგენლობით ტელეკამერების წინ ჩაატარა. რუსეთის ხელისუფლების ყველა შტო დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებას მხარს უჭერს. პუტინმა გადაწყვეტილება დღესვე უნდა მიიღოს და ახლა საკუთარი ხელმოწერით უნდა დაადასტუროს უკრაინის ორი ოლქის აღიარების საკითხი.

ევროპა ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი სამხედრო დაპირისპირების მოლოდინშია. ზღვარი ომსა და მშვიდობას შორის სულ უფრო მეტად იშლება. დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში სროლა არ წყდება, სეპარატისტები ისვრიან მსხვილკალიბრიანი იარაღიდან. რუსეთის მიერ კონტროლირებადი ფრონტისპირა სოფლებიდან გაჰყავთ მოსახლეობაც.

დაზიანებული საცხოვრებელი სახლები, დაჭრილი ჯარისკაცები - რუსულ საინფორმაციო ომთან ერთად ეს უკვე უკრაინის ყოველდღიურობაა. რუსეთის თავდაცვის უწყებამ დღესაც გაავრცელა ცნობა, რომ რუსმა სამხედროებმა საზღვრის დარღვევის გამო უკრაინის არმიის ორი ქვეითი საბრძოლო მანქანა გაანადგურეს. ამ ინფორმაციას კიევში უარყოფენ.

დღესვე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ბელარუსის მხრიდან კიევზე თავდასხმა გამორიცხა. ბელარუსში, ამჟამად, ათასობით რუსი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.

პენტაგონში აცხადებენ, რომ უკრაინაში რუსეთი შეიძლება ნებისმიერ დროს, თუნდაც დღესაც შეიჭრას. ოფიციალური ვაშინგტონი იმასაც ამტკიცებს, რომ რუსეთს უკვე აქვს იმ ადამიანების შავი სია, რომელთაც ან მოკლავენ, ან დააპატიმრებენ კიევზე თავდასხმის შემთხვევაში. გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარს მათ წერილითაც მიმართეს. ამერიკის სახელმწიფო მდივნისთვის ყველა ნიშანი გამოიკვეთა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის ზღვარზეა. ენტონი ბლინკენი უკიდურესად დაძაბული ვითარების ფონზე დეესკალაციისთვის სივრცეს მაინც ხედავს. ამბობს იმასაც, რომ სანქციები რუსეთს უკრაინაში შეჭრამდე არ იქნება.​

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელი ამბობს, რომ რუსეთი უკრაინის საზღვრებთან ისე ახლოსაა, როგორც არასდროს. უკრაინის საზღვრებთან 190 000 რუსი სამხედრო სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია. რუსეთის არმიის 120 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი უკრაინის საზღვრიდან 60 კილომეტრშია განლაგებული.

დღის ამბები